TV პირველის ინფორმაციით, მარნეულის მერი სუს-ში იყო დაბარებული
TV პირველის ინფორმაციით, მარნეულის მერი, ზაურ დარგალი, 2 ივნისს, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში დაიბარეს. საკითხის დეტალები უცნობია, ზაურ დარგალი კომენტარს არ აკეთებს. ამავე არხის ჟურნალისტის ინფორმაციით, გარდა ზაურ დარგალისა, სუს-ში რამდენიმე მარნეულელის დაბარება კიდევ იგეგმება.

აღსანიშნავია, რომ 30 მაისს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა ახალი გამოძიების დაწყების შესახებ გაავრცელა ინფორმაცია.

უწყების მტკიცებით, საქართველოში არსებობენ პირთა ჯგუფები და რიგი მოქალაქეები, რომლებიც ცდილობენ ქვემო ქართლის და კახეთის რეგიონებში ეთნიკურ ქართველებსა და აზერბაიჯანელებს შორის შუღლის გაღვივებას.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში უკვე დაიკითხა ანტისაოკუპაციო მოძრაობა ძალა ერთობაშიას დამაარსებელი დავით ქაცარავა. როგორც მან განაცხადა, საქმე დავით გარეჯის საკითხს ეხებოდა.
Print