თბილისში ჯგუფურად ძალადობის, ორი პირის ჯანმრთელობის განზრახ მძიმე
დაზიანებისა და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო
შეძენა-შენახვა-ტარების ბრალდებით ორი პირი დააკავეს.
ინფორმაციას ამის შესახებ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო
ავრცელებს.
„შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის
ვაკე-საბურთალოს რაიონული სამმართველოს და თბილისის პოლიციის
დეპარტამენტის დეტექტივების სამმართველოს თანამშრომლებმა, ერთობლივად
ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად,
1962 წელს დაბადებული მ.ხ. და 1980 წელს დაბადებული მ.გ. თბილისში
დააკავეს.
მ.ხ.-ს ბრალი ქ. თბილისში ი. ჭავჭავაძის ქუჩა N83-ის მიმდებარე
ტერიტორიაზე ჯგუფურად ჩადენილ ძალადობაში, ხოლო მ.გ.-ს ორი პირის
მიმართ ჩადენილ ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებასა და
ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა- ტარებაში
ედება.
გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა მ.ხ.-მ ურთიერთშელაპარაკების
ნიადაგზე 1988 წელს დაბადებულ ვ.კ.-ს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა,
ხოლო მ.გ.-მ დანის და ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენებით ჯანმრთელობის
განზრახ მძიმე დაზიანებები 1980 წელს დაბადებულ გ.წ.-ს და 1994 წელს
დაბადებულ ი.პ.-ს მიაყენა.
სამართალდამცველებმა, მ.გ.-ს საცხოვრებელი ბინის ჩხრეკისას,
დანაშაულის ჩადენის იარაღები – დანა და სავარაუდოდ ცეცხლსასროლი
პისტოლეტი ნივთმტკიცების სახით ამოიღეს.
მ.ხ.-ს მიმართ გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის
126-ე მუხლის პირველი პრიმა ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც
ჯგუფურად ჩადენილ ძალადობას გულისხმობს.
მ.გ.-ს მიმართ კი გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის
117-ე მუხლის მშვიდე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტითა და 236-ე მუხლის მესამე
და მეოთხე ნაწილებით მიმდინარეობს, რაც ორი ან მეტი პირის მიმართ
ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას და ცეცხლსასროლი იარაღის
მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარებას გულისხმობს“, – აღნიშნულია
შსს-ს ინფორმაციაში.