მარნეულის დახურული ბაზრის ფუნქციონირების საკითხს დირექტორი ეჭვქვეშ აყენებს
მარნეულში ეგრედწოდებული „მწვანე ბაზარის“ გახსნის თარიღი უცნობია. დახურული ტიპის ბაზრობა კვირებია, რაც მოეწყო, თუცა დახლები უფუნქციოდ დგას.  აღნიშნული სივრცე, გუშინ 5 ივნისს, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ და ადგილობრივი თვითმმართველობის პირებმა მოინახულეს. მარნეულის მერიამ ინფორმაცია საკუთარ "ფეისბუკ" გვერდზეც გაავრცელა და აღნიშნა, რომ „ეგრედწოდებული „მწვანე ბაზრის“ დახურული ტიპის სავაჭრო სივრცის ინფრასტრუქტურა, უსაფრთხოების სრული დაცვით შეიცვალა და უახლოეს მომავალში სურსათის ეროვნული სააგენტოს მიერ დადგენილი რეკომენდაციების წესის შესაბამისად სრულად დაიწყებს ფუნქციონირებას.“

რადიო მარნეულთან საუბრისას კი ბაზრის დირექტორი, ელგუჯა ხარშილაძე განმარტავს, რომ მათ სივრცეში, მოვაჭრეების გაჩერება ფაქტობრივად შეუძლებელია.  ამიტომ, ვაჭრობა ჯერჯერობით ღია სივრცეში გაგრძელდება.

„რეკომენდაციები კი გვაქვს, მაგრამ ალბათ გარეთ დავტოვებთ ამ ხალხს ჯერჯერობით. საერთოდ, გარეთ ვინც არის და საცალოდ ვაჭრობს, ისინი უნდა შემოსულიყვნენ შიგნით, მაგრამ ვერ შემოგვყავს. ვენტილაცია გვაქვს, მაგრამ ვერ ვრთავთ, ვერც კონდიციონერს ჩავრთავთ იმიტომ, რომ აკრძალულია კორონავირუსიდან გამომდინარე. ამის გარეშე კი შიგნით ვერ გაჩერდებიან დახუთული სივრცეა. მით უმეტეს, ბევრი ადმიანი რომ შეიკრიბება, უფრო დაიხუთება“ - თქვა ელგუჯა ხარშილაძემ  და აღნიშნა, რომ მოვაჭრეები, რომლებიც ახლა გარეთ ვაჭრობენ, ჯანდაცვის სამინისტროს მიერ დადგენილ რეკომენდაციებს მკაცრად იცავენ და ამას არაერთი უწყება აკონტროლებს.

ერთადერთი სივრცე, რომელიც ახლა დახურულ ბაზრის ცალკე განყოფილებაში ფუნქციონირებს, რძის პროდუქტებია, სადაც სულ რამდენიმე დახლია განთავსებული. მოვაჭრეები ჩივიან, რომ მყიდველი არ ჰყავთ.



„ვაჭრობა კარგად არ მიდის. 20 მარტიდან სახლში ვზივართ. 15 დღეა, რაც გამოვედით ბაზარში. 3-5 კილო ყველს ვყიდულობთ  და მაგასაც ძლივს გავყიდით ხოლმე“
- ამბობს ერთ ერთი მოვაჭრე

დახურული ბაზრის კიდევ ერთი, ყველაზე დიდი განყოფილება, რომელიც 100-მდე მოვაჭრის მოლოდინშია, იქ ძირითადად ხილ-ბოსტნეული გაიყიდება და სავარაუდოდ, მყიდველიც მეტი  ეყოლება. თუმცა სივრცე, რომლის განიავებაც კი ფაქტობრივად, შეუძლებელია, ბაზრის დირექტორს მისი გახსნის იმედი ამ ეტაპზე არ აქვს.

სურსათის ეროვნული სააგენტოს მარნეულის რეგიონალური სამმართველოს უფროსი მირანგულა ლიპარტელიანი განმარტავს, რომ დახურულ ბაზარში გასთვალისწინებელი რეკომენდაციები უკვე გასცეს. მათი დარღვევის შემთხვევაში კი საჯარიმო სანქციები გატარდება. ამ რეკომენდაციების მკაცრი დაცვა  კი დახურულ ბაზარში როგორც ჩანს , ჯერჯერობით მხოლოდ ყველით მოვაჭრეებს მოუწევთ.

„ეს ძირითადად ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციებია, რომელსაც სურსათის ეროვნული სააგენტო უწესებს ბიზნესოპერატორებს და აგრალურ ბაზრებს და აწარმოებს მონიტორინგს.  ეს არის დეზობარიერების არსებობა, შესასვლელის და გამოსასვლელის მოწყობა, ნაკადის დაცვა, რეცხვა/დეზინფექციის სიხშირე, თერმოსკრინინგი და ა.შ“

„მწვანე ბაზრის“ ფუნქციონირების საკითხზე რადიო „მარნეული“ დღეს არაერთხელ შეეცადა მარნეულის მერთან და მის მოადგილესთან დაკავშირებას, თუმცა ისინი ჩვენს ზარებს ამ დრომდე არ პასუხობენ.


Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები