მარნეულის მაჟორიტარი დეპუტატები სუს-ში გამოკითხვაზე იყვნენ
მარნეულის მაჟორიტარი დეპუტატები რუსლან ჰაჯიევი და თამაზ ნავერიანი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში გამოკითხვაზე იყვნენ.

რადიო „მარნეულთან“ საუბრისას პარლამენტარმა რუსლან ჰაჯიევმა დაადასტურა, რომ სუს-ში გამოკითხვაზე თამაზ ნავერიანთან ერთად იმყოფებოდა. ნავერიანი ჩვენს ზარებს არ პასუხობს.

რუსლან ჰაჯიევის განცხადებით, გამოკითხვა ნარიმან ნარიმანოვის ძეგლის გარშემო განვითარებულ მოვლენებს უკავშირდება. სხვა დეტალებზე პარლამენტარი არ საუბრობს, ვინაიდან სუს-მა მას გაუთქმელობის ვალდებულება დააკისრა.

სუს-ში გამოკითხვაზე უკვე იყვნენ მარნეულის საკრებულოს თავმჯდომარე ამირან გიორგაძე და მარნეულის მერი ზაურ დარგალი. ისინი გამოკითხვის შესახებ კომენტარს არ აკეთებენ. ასევე, გამოკითხვაზე იყვნენ მარნეულელი სამოქალაქო აქტივისტი სამირა ბაირამოვა, სრულიად საქართველოს მუსლიმთა უმაღლესის სასულიერო სამმართველოს შეიხი სეიდ მირთაგი ასადოვი, ფიზიკის და მათემატიკის მარნეულელი მასწავლებელი ელვირ ჰასანოღლუ და პარტია „ახალი საქართველოს“ მარნეულის ორგანიზაციის თავმჯდომარე ფუად გახრამანოვი.

მათი ნაწილი სუს-ში გამოკითხვაზე დაბარებას ნარიმან ნარიმანოვის ძეგლის გარშემო განვითარებულ მოვლენებს უკავშირებს.

მარნეულში ნარიმან ნარიმანოვის ძეგლის საკითხის განხილვა მას შემდეგ დაიწყო, რაც მარნეულისა და ჰუჯაბის ეპისკოპოსმა მეუფე გიორგიმ (ჯამდელიანი) მარნეულის მერს ძეგლის რესტავრაციისათვის უსაყვედურა და მისი აღება მოსთხოვა.

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები