ახალი საარჩევნო სისტემა საბოლოოდ მიიღეს
საქართველოს პარლამენტმა მესამე მოსამენით მიიღო საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტი, რომელიც მიხედვითაც, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები პროპორციულთან მიახლოებული მოდელით ჩატარდება.

კერძოდ, დამტკიცებული საკონსტიტუციო ცვლილებების მიხედვით:
  • 150 დეპუტატიდან 120 აირჩევა პროპორციული სისტემით, 30 კი – მაჟორიტარული;
  • პოლიტიკური პარტიებისთვის დადგენილია 1%-იანი ბარიერი;
  • რამდენი პარტიაც შედის ბლოკში, იმდენპროცენტიანი ბარიერი უწესდება მას;
  • გაუნაწილებელი მანდატები გადანაწილდება იმ პოლიტიკურ პარტიებზე, რომლებსაც უდიდესი ნაშთი აქვთ მიღებული;
  • ხმების 40%-ის მიღების შემთხვევაში პარტია ვერ მიიღებს მანდატების 50%-ზე მეტს, ანუ 75 ადგილზე მეტს პარლამენტში. შესაბამისად, ის დამოუკიდებლად ვერ შეძლებს მთავრობის დაკომპლექტებას და საჭირო იქნება კოალიციური მთავრობის შექმნა;
  • იცვლება ოლქების განაწილება;
  • მარტივდება პარტიების რეგისტრაციის წესი. არჩევნებში მონაწილეობის უფლება ექნება პარტიას, რომელიც წარადგენს 5 ათას ხელმოწერას. ამ ვალდებულებისგან გათავისუფლება კვალიფიციური სუბიექტის მქონე 19 პარტია და ყველა ის პარტია, რომელსაც დამოუკიდებლად ან ბლოკთან ერთად ბოლო არჩევნებზე 15 ათასზე მეტი ხმა აქვს მიღებული;
  • თუ 2024 წლამდე ჩატარდება საპარლამენტო არჩევნები, ეს არჩევნები ჩატარდება 2020 წელს მიღებული სისტემით და რიგგარეშე პარლამენტის უფლებამოსილების ვადა იქნება 2024 წლის ოქტომბრამდე. 2024 წელს კი საპარლამენტო არჩევნები ჩატარდება სრულად პროპორციული სისტემით.
  • აღნიშნულ პროექტს მხარი 117 დეპუტატმა დაუჭირა, 3 კი წინააღმდეგი წავიდა. კენჭისყრას არ ესწრებოდნენ “ევროპული საქართველოს” და “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” დეპუტატები, რომლებიც მთავარი არხის მეწილის, გიორგი რურუას გათავისუფლებას ითხოვენ და ხელისუფლებას 8 მარტის შეთანხმების დარღვევაში ადანაშაულებენ.
2020 წლის 8 მარტს ოპოზიცია და ხელისუფლება შეთანხმდა საარჩევნო სისტემაზე. თუმცა, ამის გარდა, შეთანხმების მემორანდუმში საუბარია მართლმსაჯულებაზეც. ოპოზიცია აცხადებდა, რომ შეთანხმების ერთ-ერთი ნაწილი პოლიტიკური პატიმრების გათავისუფლებას ითვალისწინებდა. გიგი უგულავა და ირაკლი ოქრუაშვილი პრეზიდენტმა ზურაბიშვილმა შეიწყალა, რის საფუძველზეც მათ საპატირმო დატოვეს, თუმცა კვლავ წინასწარ პატიმრობაში რჩება “მთავარი არხის” მეწილე გიორგი რურუა, რომელიც აცხადებს, რომ სამართალდამცავებმა იარაღი “ჩაუდეს”.

წყარო: ნეტგაზეთი
Print