სიახლე
დავით ნარმანია: რეგიონებში გაზის ტარიფი არ გაიზრდება
დღეს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისია "სოკარ ჯორჯია გაზის" აბონენტებისთვის ბუნებრივი გაზის ტარიფებს დაადგენს. მოქმედ ტარიფს ვადა ივნისის ბოლოს ეწურება.

"ჩვენ განვიხილეთ "სოკარის" მიერ წარმოდგენილი განახლებული საინვესტიციო გეგმა, ასევე, სხვა მაჩვენებლები. დღეს სემეკი მიიღებს გადაწყვეტილებას ტარიფების დადგენასთან დაკავშირებით. ისევე როგორც თბილისში ჩვენ მიერ დადგენილი ტარიფი უცვლელი დარჩა და მომდევნო სამი წლის განმავლობაში არ შეიცვლება, ასევე რეგიონებშიც უცვლელი იქნება და ტარიფის რაიმე ზრდა მოსალოდნელი არ არის", - განაცხადა ნარმანიამ.

თბილისისგან განსხვავებით, რეგიონებში გაზის ახალი ტარიფის დადგენა ივლისიდან იმიტომ გახდა საჭირო, რომ ამ გასული 6 თვის განმავლობაში სემეკი "სოკართან" იმ განხორციელებულ, თუ სამომავლო ინვესტიციებს ათანხმებდა, რაც მოსახლეობის ტარიფებში უნდა აისახოს. "სოკარი" 150 მლნ აშშ დოლარის ტარიფში ასახვას ითხოვს - ეს ის თანხაა, რაც აზერბაიჯანულმა ენერგოგიგანტმა საქართველოში საინვესტიციო პროექტებში დახარჯა.

"რაც შეეხება "სოკარის" მიერ ადრე განხორციელებულ 150 მლნ დოლარის მოცულობით ინვესტიციას, ეს აისახება ახალ ტარიფში, თუმცა ეს ტარიფის ზრდას არ იწვევს, ვინაიდან ამ ნაწილში სახელმწიფო მოსახლეობას შეეხიდება და თავისი რესურსებით მოახდენს ამ ყველაფრის კომპენსირებას", - განმარტა ნარმანიამ და დასძინა, რომ სახელმწიფოს მიერ რეგიონებში ტარიფის სუბსიდირების დეტალებზე მოგვიანებით ისაუბრებს.

შეგახსენებთ, რომ გასულ წელს, გაზისა და ნავთობის კორპორაციამ საკუთარი მოგების შემცირების ხარჯზე "თბილისი ენერჯის" აბონენტებისთვის ტარიფის შენარჩუნება დაასუბსიდირა. შესაბამისად, თბილისში გაზის ტარიფი, რომელიც 2020-2022 წლებში იქნება მოქმედი, უცვლელი დარჩა.

"სოკარ ჯორჯია გაზის" აბონენტებისთვის დადგენილი ახალი ტარიფი ძალაში 2022 წლის ბოლომდე იქნება.

წყარო: ნეტგაზეთი
| Print |