სიახლე
მარნეულში დოღის ჩატარება იგეგმება
მარნეულში დოღის გამართვა იგეგმება. ინიციატივა ჯერ კიდევ მარტის თვეში უნდა განხორციელებულიყო, თუმცა კორონავირუსის გამო გადაიდო. მუნიცპალიტეტმა ღონისძიებისათვის 4 900 ლარი 2020 წლის ბიუჯეტიდან გამოჰყო.
„ 2020 წლის 19 თებერვალს, საქართველოს საცხენოსნო ხალხური თამაშობებისა და საცხენოსნო სპორტის ეროვნული ფედერაციიდან შემოვიდა წერილი დაბრკოლებათა გადალახვაში და მარულაში საცხენოსნო შეჯიბრის დაფინანსების შესახებ.“ - წერია ელექტრონულ ტენდერში.

ჩვენ ა(ა)იპ „საქართველოს საცხენოსნო ხალხური თამაშობებისა და საცხენოსნო სპორტის ეროვნილი ფედერაციის’’ პრეზიდენტს დავით ცირეკიძეს დავურეკეთ, რომელმაც გვითხრა, რომ დოღი, შესაძლოა, ივლისის თვეში ჩატარდეს.

„შეჯიბრი, ეს ჩვენი ინიციატივა იყო, ბატონ ზაურთან და მუნიციპალიტეტთან ერთად მოვილაპარაკეთ. იდეის დონეზე დარჩენილია და უცილებლად ჩატარდება მარნეულში ეს დიდი ღონისძიება. ცხენოსნობას კულტურული მემკვიდრეობის სტატუსი მიენიჭა, რომელიც არის საქართველოში ყველაზე მაღალი სტატუსი და ამის განვითარებისთვის, მარნეულის მუნიციპალიტეტმა კეთილი ნება გამოთქვა. კორონავისრუსის გამო როგორც კი საშუალება გვექნება, ჩავატარებთ. წესით, ივლისში რაღაცა უნდა მოხდეს, ველოდებით. ფესტივალი აუცილებლად გაიმართება“ - თქვა დავით ცირეკიძემ და აღნიშნა, რომ ფედერაცია მთავრობის გადაწყვეტილების შესაბამისად ახლა განსხვავებულ სახელს ატარებს (საქართველოს საცხენოსნო ხალხური თამაშობებისა და განვითარებს ეროვნული ფედერაცია) „ყველაფრის განვითარება ჩაგვაბარეს ჩვენ , სადაც შედის სპორტიც, ხალხური თამაშობებიც და ა.შ“

ცირეკიძის განმარტებით, მარნეულში სხვადასხვა რეგიონებიდან ჩამოვლენ მხედრები ფესტივალში მონაწილეობის მისაღებად.

დოღის ჩატარებაზე ცირეკიძესაგნ განსხვავებული პროგნოზი აქვს მარნეულის მერის მოადგილეს ზაურ ტაბატაძეს და ამბობს, რომ აღნიშნულ ღონისძიებას მუნიციპალიტეტი, სავარაუდოდ, წელს ვერ უმასპინძლებს.

„გვინდოდა ჩაგვეტარებინა, მაგრამ დღევანდელი მდგომარეობიდან გამომდინარე ყველა კულტურული ღონისძიება შეჩერებულია, შესაბამისად, ეგ ღონისძიებაც შეჩერდა. ივლისში გამართვა კატეგორიულად გამორცხულია. წელს არამგონია რომ გაიმართოს“

მარნეულის მუნიციპალიტეტს დოღის გასამართად ტერიტორია მარნეულის შემოსასვლელში აქვს შერჩეული. (ჯანდარის დასახლებასთან)
აღსანიშნავია, რომ გამარტივებული შესყიდვის 4 900 ლარიან ტენდერი 2020 წლის 30 აგვისტოს ჩათვლით მოქმედებს.

შეჯიბრი 3 ეტაპს მოიცავს. (დოღი, მარულა, დაბრკოლებათა გადალახვა)

ტენდერის თანახმად, შეჯიბრის ჩასატარებლად საჭიროა: გენერატორი, 5 მაგიდა, სპორტული მოედნის გასუფთავება,
სამსაჯოს მოწყობა (ჯიხური ან ქოლგა, მაგიდა, 4 სკამი) დინამიკი, მიკროფონი, აპარატურა, 2 ცალი ბიოტუალეტი, სასწრაფო დახმარების მანქანა, 2 ცალი სანაგვე ყუთი, დამცავი ჯებირები (რკინისკონსტუქციები 150 ცალი) საპატრულო ეკიპაჟი წესრიგისთვის, ნახერხი 1 ტომარა, 2 კგ კირი ან შპაკლი (სტარტი/ფინიშისთვის) სარბენი წრის ლენტი 2500მეტრი სიგრძის, ჩასარჭობი ჯოხები 1 მეტრი სიგრძის ლენტებისთვის 150 ცალი.

თანხის გახარჯვის გეგმა კი ასეთია:
• მსაჯების ანაზღაურება (4 მსაჯი) – 1300 ლარი (თითოს 325 ლარი)
• ბარიერების ტრანსპორტირება - 500 ლარი
• საპრიზო ფონდი - 2000 ლარი (სულ 3 შეჯიბრიდან 9 გამარჯვებული)
• ტელევიზია - 1000 ლარი
• თასები და მედლები - 190 ლარი ( 3 თასი, 9 მედალი)

გარეკანის ფოტო: "ბათუმელების" ჟურნალისტი მანანა ქველიაშვილი. ფოტო გადაღებულია ბახმაროში

თეა დავაძე
რადიო "მარნეული"
| Print |