თითქმის ერთი წელია მარნეულში შადრევანზე არსებული საათი ერთ დროზეა გაჩერებული
თითქმის ერთი წელია, რაც მარნეულში, 26 მასის ქუჩაზე, შადრევანზე არსებულ საათს ზუსტი დრო არ უჩვენებია. თვეების განმავლობაში უფუნქციოდ იყო დარჩენილი შადრევანიც.

დაზიანებული წყლის სატუმბი მარნეულის მერიამ უკვე შეაკეთა, რაც შეეხება დეკორატიულ საათს, როგორც მერიაში განმარტავენ, მისი ამუშავება პირველ ეტაპზე ვერ მოხერხდა. ძრავი, რომელიც საათს დაზიანებული აქვს, რთული შესაკეთებელი აღმოჩნდა. არ გამორიცხავენ ახალი საათის ყიდვასაც.

„საათის რეაბილიტაციისთვის შესაძლებელია მოხდეს ნაწილების გამოწერა. უნდა შეისწავლონ თუ რა თანხებთანაა დაკავშირებული. როგორც გვეუბნებიან, საკმაოდ რთული მექანიზმია. პანდემიის გამო შეჩერებული იყო პროცესი. ალბათ, უახლოეს დღეებში გვეცნობება მოხდება მისი რეაბილიტაცია თუ სხვა ალტერნატიული გზები გამოიძებნებება“ - გვითხრა მერიის საზოგადოებასთან ურთიერთობის განყოფილების უფროსმა, მარიამ ხაჩიძემ

როგორც რადიო „მარნეულს“ ადგილობრივ თვითმმართველობაში უთხრეს, თუ რა თანხა დაიხარჯება საათის შეცვლის ან რეაბილიტაციისთვის, სავარაუდოდ, ერთ კვირაში გახდება ცნობილი.

ამავე თემაზე: მერიამ შადრევანის შესაკეთებლად ტენდერი გამოაცხადა

თეა დავაძე
რადიო "მარნეული"
Print