რუსეთ-აფხაზეთის საზღვარი, გახსნის შემდეგ 30 ათასმა ადამიანმა გადაკვეთა
აფხაზური მხარის მონაცემებით, პირველი აგვისტოდან დღემდე “ფსოუს” გამშვები პუნქტი 30 ათასმა ადამიანმა გადაკვეთა, თუმცა, უცნობია ზუსტი ციფრი, თუ რამდენი რუსი ტურისტი ესტუმრა მიმდინარე დღეებში აფხაზეთს.

ნეტგაზეთის ინფორმაციით, უკვე გუშინ, 2 აგვისტოს, რუსეთიდან აფხაზეთში ტურისტული ავტობუსებიც შევიდა.

კორონავირუსის პანდემიის გამო რუსეთთან დაკეტილი გამშვები პუნქტის გახსნა აფხაზურ საზოგადოებასა და დე ფაქტო ხელისუფლებაში ხანგრძლივი დისკუსიის საგანი იყო. საზღვრის გახსნის მომხრეთა არგუმენტად ტურისტული სეზონის განვითარება და შესაბამისად, მოსახლეობის ეკონომიკური კეთილდღეობა სახელდებოდა. მოწინააღმდეგეთა არგუმენტი კი კორონავირუსის გავრცელებისგან აფხაზეთის მოსახლეობის დაცვა იყო.

რუსეთთან საზღვარი დე ფაქტო პრეზიდენტის ასლან ბჟანიას მოსკოვში უკანასკნელი ვიზიტიდან მეორე დღესვე გაიხსნა. პროცესს წინ უსწრებდა, ასევე რუსეთის სანიტარული სამსახურების ოფიციალური ვიზიტი აფხაზეთში, სადაც “რუს სპეციალისტებს ადგილზე უნდა შეემოწმებინათ რუსი ტურისტებისთვის უსაფრთხო სანიტარულ-ეპიდემიოლოგიური გარემო”.

აფხაზეთის ჯანდაცვის სფეროს წარმომადგენლებმა, აფხაზეთში ეპიდემიოლოგიური კუთხით შექმნილი სიტუაცია და რუსეთთან საზღვრის გახსნით შესაძლო რისკები განიხილეს.

წყარო: ნეტგაზეთი
Print