რა აფეთქდა ბეირუთში?
ლიბანის დედაქალაქ ბეირუთში მომხდარი მძლავრი აფეთქების უშუალო მიზეზი უცნობია, თუმცა ქვეყნის პრეზიდენტის მიერ გაცხადებული ფაქტია, რომ შენობაში, საიდანაც ტრაგედია დაიწყო, 2 750 ტონა ამონიუმის ნიტრატი ინახებოდა.
მძლავრი ასაფეთქებელი ნივთიერება ქალაქის პორტთან და დასახლებულ პუნქტებთან ახლოს 6 წლის მანძილზე იყო განთავსებული უსაფრთხოების ნორმების დაცვის გარეშე.

ამონიუმის ნიტრატი ინდუსტრიული ქიმიური ნაერთია, რომელსაც, ძირითადად, სასუქებში იყენებენ, თუმცა ის ასევე გამოიყენება სამთო ასაფეთქებელი მოწყობილობების დასამზადებლად. მელბურნის უნივერსიტეტის პროფესორი გაბრიელ დე სილვა “გარდიანთან” საუბრისას აღნიშნავს, რომ მისგან გამოწვეული აფეთქების ლიკვიდაცია საკმაოდ რთულია და ეს მხოლოდ განსაკუთრებული ზომების მიღების შემთხვევაში ხერხდება.

მისივე თქმით, ერთი მხრივ, ამონიუმის ნიტრატს ცეცხლის ქრობა შეუძლია, თუმცა თუ ის დაბინძურებულია, მაგალითად, ნავთობით, თავად ხდება მძლავრი აფეთქების წყარო.

“ვფიქრობ, ამ შემთხვევაშიც ეს მოხდა”, – აცხადებს ის.

ზემოაღნიშნული ნაერთის აფეთქების შედეგად ჰაერში გატყორცნილი ელემენტები სწრაფად ქრება, თუმცა ძლიერმა დამაბინძურებლებმა, შესაძლოა, მოგვიანებითაც შექმნან პრობლემები.

“თუ დააკვირდებით კვამლს, რომელიც აფეთქების შედეგად წარმოიქმნა, ის, ასე ვთქვათ, სისხლისფერი წითელია. ეს ნიტროგენის ოქსიდების დამაბინძურებლებითაა გამოწვეული”, –
აღნიშნავს პროფესორი.

ბოლო მონაცემებით, ბეირუთში მომხდარი აფეთქების შედეგად 100 ადამიანია გარდაცვლილი, დაშავებულია 4 000. ქვეყანაში 3-დღიანი გლოვა გამოცხადდა. ამასთან, პრეზიდენტმა მიშელ აუნმა დღეისათვის მთავრობის სხდომა ჩანიშნა, სადაც 2-კვირიანი საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებაზე იმსჯელებენ.

ქვეყნის პრემიერის თქმით, მომხდარში დამნაშავეები “შესაბამის ფასს გადაიხდიან”.

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები