სიახლე
როგორ უნდა მიიღოთ მოწვევა თურქეთიდან – დეტალური წესები
4 აგვისტოდან საქართველოს მოქალაქეებს შესაძლებლობა აქვთ, თურქეთიდან მიღებული მოწვევის საფუძველზე, ქვეყნის საზღვარი გადაკვეთონ და მეზობელ ქვეყანაში სამუშაოდ გადავიდნენ.

საზღვრის კვეთა დაშვებულია საქართველოს იმ მოქალაქისთვის, რომელიც ფლობს თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქე ფიზიკური ან თურქეთის რესპუბლიკაში რეგისტრირებული კომპანიის მიერ გაცემულ სამთვიან, თურქეთშივე ნოტარიულად დამოწმებულ მოწვევას, რომელშიც დაფიქსირებულია საქართველოს მოქალაქის სახელი, გვარი და პირადი ნომერი. მოწვევის მიზეზად შესაძლებელია იყოს მითითებული, როგორც დასაქმება, ასევე სტუმრად მიწვევა.

როგორ უნდა მიიღოთ მოწვევა

მოწვევის მისაღებად უნდა დაუკავშირდეთ დამსაქმებელს, რომელიც ცხოვრობს თურქეთის რესპუბლიკაში. დამსაქმებელი, გიგზავნით მოწვევას. ტრაბზონში საქართველოს გენერალური კონსულის თანაშემწის, გიორგი ყუშიტაშვილის განმარტებით, დამსაქმებელს ან დასაქმებულს მოწვევის გამოგზავნით არ უჩნდება რაიმე სახის დამატებითი საგადასახადო ვალდებულება.

შეუძლია თუ არა დამსაქმებელს რამდენიმე ადამიანის (5-10) მიწვევა ერთი დოკუმენტით?

„როგორც ვიცი, შესაძლებელია ერთ მოწვევაში ათ ადამიანამდე ჩაიწეროს. როგორც ჩვენ განგვიმარტეს, ნოტარიუსს შეუძლია ათი პიროვნების მონაცემი ჩაწეროს მოწვევაში. ოღონდ ეს არის ზეპირი ინფორმაცია,“ – ამბობს ტრაბზონში საქართველოს გენერალური კონსულის თანაშემწე გიორგი ყუშიტაშვილი.

რა ღირს თურქეთის მოქალაქის მიერ გამოგზავნილი მოწვევის ნოტარიულად დამოწმება

„თურქეთის მოქალაქის მიერ მომზადებული მოწვევის ნამდვილობას ადასტურებს ნოტარიუსი ხელმოწერით. ნოტარიულად დამოწმებული დოკუმენტის მაქსიმალური ფასი თურქეთში არის 150 ლირა. 150 ლირა დღეის მდგომარეობით დაახლოებით 20 დოლარია.

გთხოვთ, მიუთითეთ, რომ არ ენდონ შუამავალ კომპანიებს. შეიძლება გადაუხადონ 200 დოლარი ამ შუამავალ კომპანიას, მაგრამ მერე ვთქვათ საქართველოს შესაბამისმა უწყებებმა უარი უთხრან თურქეთში წამოსვლაზე. არაფერს არ ნიშნავს აქ შუამავალმა კომპანიამ იპოვოს ვინმე თურქეთის მოქალაქე და მოწვევა გაუგზავნოს. იმიტომ, რომ მერე გადაწყვეტილებას მაინც იღებს საქართველოს მთავრობა,“ – ამბობს გიორგი ყუშიტაშვილი.

როგორ უნდა გამოუგზავნოს თურქეთის მოქალაქემ საქართველოს მოქალაქეს მოწვევა

თურქეთიდან მოწვევის გამოსაგზავნად არსებობს ორი გზა – დედანის საქართველოში გამოგზავნა შეიძლება ფოსტით ან პირადი კონტაქტების საშუალებით. ფოსტით გამოგზავნის ღირებულება არის 25 ლირა, დაახლოებით 4 დოლარი. პანდემიამდე საფოსტო მომსახურებას 3-5 დღე სჭირდებოდა. ახლა ეს ვადები ორ კვირამდეა გაზრდილი.

ასევე, დამსაქმებელს შეუძლია გამოაგზავნოს მოწვევა ელექტრონული ფოსტით.

„ელექტრონული ფოსტით გამოგზავნილიც საკმარისია, თუკი ნოტარიუსი თარგმანზე და დამოწმებაზე არ იტყვის უარს. შესაბამის ელექტრონულ ფორმაში უნდა ემჩნეოდეს იქ დარტყმული ბეჭედი, იკითხებოდეს ზუსტად, რომ ნოტარიუსმა გადათარგმნოს და დაამოწმოს შემდეგ ქართული თარგმანი. ჩვენ არ გვაქვს პრობლემა ჩვენთან როგორი ფორმით მოიტანს. ქართული თარგმანი ასევე მოწმდება ნოტარიულად და შემდგომ ეს სამივე ერთად – თურქული ვარიანტი, ქართული თარგმანი და ნოტარიუსის მიერ დამოწმებული დოკუმენტი ერთიანად იტვირთება სისტემაში.

მოწვევის ფორმა არის განთავსებული moh.gov.ge-ზე, როგორც თურქული, ასევე ქართული ვარიანტები, მსურველებს შეუძლიათ იქაც ნახონ,“ – განუცხადეს „ბათუმელებს“ აჭარის დასაქმების სააგენტოში.

რა ღირს მოწვევის თარგმნა და ნოტარიულად დამოწმება საქართველოში

თურქეთიდან ელექტრონულად გამოგზავნილი მოსაწვევის [2 გვერდის] თარგმნა და ნოტარიულად დამოწმება ბათუმში, ჯამში 30-50 ლარი ჯდება. ერთ-ერთმა თარჯიმანმა „ბათუმელებს“ უთხრა, რომ დოკუმენტის თარგმნას და ნოტარიულად დამოწმებას დაახლოებით 1 საათი სჭირდება.

რა ხდება მას შემდეგ, რაც დოკუმენტს ნოტარიულად დაამტკიცებთ საქართველოში?

ნოტარიულად დამტკიცებული დოკუმენტები – მოწვევა თურქულ ენაზე, მისი ქართული თარგმანი და ნოტარიულად დამოწმებული დოკუმენტი უნდა აიტვირთოს ჯანდაცვის სამინისტროს სპეციალურად შექმნილ საიტზე.

როგორ უნდა ატვირთოთ დოკუმენტები საიტზე?

პირველ რიგში ეწვიეთ საიტს https://abroadworkers.moh.gov.ge/ და გაიარეთ რეგისტრაცია. შემდეგ ატვირთეთ ნოტარიულად დამოწმებული, თურქეთის რესპუბლიკიდან 3 თვიანი „სამუშაო მოწვევის“ დამადასტურებელ დოკუმენტი, ასევე ქართულ ენაზე თარგმნილი ნოტარიულად დამოწმებული ვერსია.

გაითვალისწინეთ, რომ რეგისტრაციის მსურველ პირს მოთხოვნის გაგზავნა მხოლოდ ერთხელ შეუძლია.

რამდენ ხანში გაიგებთ გაგიშვებენ თუ არა თურქეთში სამუშაოდ?

საქართველოს მოქალაქის მიერ შევსებული აპლიკაციის და მასზე თანდართული დოკუმენტაციის შემოწმების მიზნით, აჭარის მთავრობამ შექმნა სამუშაო ჯგუფი, რომელიც დაკომპლექტებულია აჭარის მთავრობის, საგარეო საქმეთა სამინისტროს, საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს, ფინანსთა სამინისტროსა და შინაგან საქმეთა სამინისტროს ან/და ამ უწყებების სისტემაში შემავალი დაწესებულებების წარმომადგენლებისგან. შევსებულ აპლიკაციას შეამოწმებენ სპეციალური ელექტრონული პროგრამის მეშვეობით და აპლიკაციის შევსებიდან 7 კალენდარული დღის ვადაში აპლიკანტს შეატყობინებენ, ექნება თუ არა თურქეთში სამუშაოდ წასვლის უფლება.

შეკითხვის არსებობის შემთხვევაში მოქალაქეებმა უნდა დარეკონ საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს ცხელ ხაზზე – 1505 ან უნდა მიმართონ აჭარის დასაქმების სააგენტოს ოფისში, მისამართზე: ბათუმი, ჯავახიშვილის ქუჩა 70/72
სამუშაო საათებში კი, შეუძლიათ დარეკონ ტელეფონის ნომერზე: 0422 24 78 83

წყარო: batumeli.netgazeti.ge
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები
დაიცავი დისტანცია