მარნეულის მერიაში 7 ახალი სამუშაო ადგილი შეიქმნა
დღეს, 7 აგვისტოს, მარნეულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომა გაიმართა.

სხდომაზე განსახილველად 12 საკითხი იყო გამოტანილი. დეპუტატებმა ყველა საკითხზე დადებითი გადაწყვეტილება მიიღეს.

საკრებულოს სხდომაზე დისკუსია გამოიწვია მერიის ჯანდაცვის, სოციალური უზრუნველყოფის, კულტურისა და სპორტის სამსახურში 6 საშტატო ერთეულის დამატებამ. მარნეულის მერის მოადგილე ლაშა ლობჯანიძემ საკითხის განხილვისას განაცხადა, რომ საქართველოში ბავშვის უფლებების კოდექსის ამოქმედების შემდგომ საქართველოს ყველა მუნიციპალიტეტს დაევალა, რომ შექმნას შესაბამისი სამუშაო ადგილები რომლებიც ბავშვებზე ძალადობის თემისკენ იქნება მიმართული.

„ესენი არიან, კოორდინატორი, სოციალური მუშაკი, იურისტი, ფსიქოლოგი ანუ ყველა ის ადამიანი, რომელიც მნიშვნელოვანია, რომ გამოვლენაზე იყოს ორიენტირებული და რა თქმა უნდა, რომ ბავშვთა მიმართ ძალადობის შემთხვევებში დაზარალებულებს გავუწიოთ შესაბამისი სერვისი და საჭიროების შემთხვევაში გადავამისამართოთ შესაბამის ორგანოში“ - განაცხადა ლაშა ლობჯანიძემ

ლობჯანიძის განმარტებით, მუნიციპალიტეტს შეეძლო, რომ აღნიშნული მომსახურეობის სერვისის შექმნისას ცალკე განყოფილება შეექმნა, მაგრამ საბიუჯეტო თანხების დაზოგვის მიზნით, 6 ახალი შტატის დამატება მერიის ჯანდაცვის, სოციალური უზრუნველყოფის, კულტურისა და სპორტის სამსახურში გადაწყვიტეს. დღეიდან შეიცვალა ზემოაღნიშნული სამსახურის დასახელებაც და მას ჯანდაცვის, სოციალური უზრუნველყოფის, კულტურის, სპორტისა და ბავშვთა უფლებების დაცვისა და მხარდაჭერის სამსახური ეწოდება.

საკითხის განხილვისას კითხვები გაუჩნდა „ევროპული საქართველოს“ წევრ ახმედ მიმაკულიევს. მან ადგილობრივ თვითმმართველობას შესთავაზა, რომ ვაკანსიების გამოცხადებისას კონკურსანტების კრიტერიუმებში აზერბაიჯანული ენის ცოდნა შეეტანათ, რადგან მარნეულის მოსახლეობის უმეტესობა აზერბაიჯანულენოვანია. იმამკულიევის განცხადებას საკრებულოს თავმჯდომარე ამირან გიორგაძემ და მერის მოადგილე ლაშა ლობჯანიძემ უპასუხეს და მას უთხრეს, რომ საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოში თანამშრომლების აყვანისას სავალდებულო მოთხოვნებში აზერბაიჯანული ენის ცოდნას ვერ შეიტანდნენ, მაგრამ გასაუბრებების ეტაპზე, იმ სპეციალისტებს მიენიჭებათ უპირატესობა, რომლებიც მარნეულში მუშაობისათვის საჭირო ენებს ფლობს.

საკრებულომ მხარი დაუჭირა მარნეულის მერიის ეკონომიკის სამსახურში ერთი საშტატო ერთეულის დამატებასაც.



რადიო „მარნეული“


Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები