სიახლე
ბაქოში სერბი მინისტრი ჩავიდა „სომხეთისთვის იარაღის მიყიდვასთან“ დაკავშირებით
11 აგვისოს ბაქოში სერბეთის და აზერბაიჯანის მთავრობების წარმომადგენლების შეხვედრა გაიმართა, სადაც განიხილეს აზერბაიჯანის ბრალდება სერბეთის მიმართ სომხეთისთვის იარაღის მიყიდვასთან დაკავშირებით.

სერბეთში ამ საკითხის განსახილველად ჩავიდა ვიცე-პრემიერი, შინაგან საქმეთა მინისტრი და ამავე დროს ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანი, ნებოისა სტეფანოვიჩი.

მასთან 11 აგვისტოს შეხვედრაზე აზერბაიჯანის მხრიდან იმყოფებოდნენ უშიშროების საბჭოს მდივანი რამილ უსუბოვი, პრეზიდენტი ადმინისტრაციის საგარეო ურთიერთობათა დეპარტამენტის ხელმძღვანელი ჰიკმეტ ჰაჯიევი, საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე არაზ აზიმოვი და აზერბაიჯანის ელჩი სერბეთში, ელდარ ჰასანოვი.

როგორც აზერბაიჯანული მედია Apa წერს, შეხვედრა ეხებოდა აზერბაიჯანის ხელისუფლების ბრალდებას, რომლის თანახმადაც სომხეთ-აზერბაიჯანის განახლებული სასაზღვრო დაპირისპირების დროს, ივლისში, სომხეთის მხარემ აზერბაიჯანის წინააღმდეგ გამოიყენა „სერბეთში დამზადებული იარაღები“.

7 აგვისტოს სერბეთის პრეზიდენტი ალექსანდარ ვუჩიჩი ტელეფონით ესაუბრა აზერბაიჯანის პრეზიდენტ ილჰამ ალიევს. Apa-ს თანახმად, პრეზიდენტმა ვუჩიჩმა „სინანული გამოხატა სომხეთის მიერ სერბული წარმოების იარაღის გამოყენების გამო აღნიშნული სამხედრო შეტაკებებისას“ და თქვა, რომ სიტუაციის გამოსაძიებლად ბაქოში სერბეთის მაღალი რანგის დელეგაცია ჩავიდოდა.

მანამდე, 20 ივლისს აზერბაიჯანულმა მედიამ გაავრცელა ცნობა, რომლის თანახმადაც ამ საკითხთან დაკავშირებით აზერბაიჯანში სერბეთის ელჩი დანიკა ვეინოვიჩი აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტროში დაიბარეს.

ინფორმაცია „სერბეთის იმერ სომხეთისთვის იარაღის მიყიდავასთან“ დაკავშირებით თავდაპირველად აზერბაიჯანულმა პროსახელისუფლებო გამოცემა, Haqqin.az-მა გაავრცელა 19 ივლისს, რის შემდეგაც, 20 ივლისს, აზერბაიჯანში სერბეთის ელჩი დანიკა ვეინოვიჩი აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტროში დაიბარეს.

Haqqin წერდა, რომ სერბეთმა და რუსეთმა სომხეთს იარაღი საქართველოს გავლით მიაწოდეს, რაც საქართველოში კატეგორიულად უარყვეს.

საგარეო საქმეთა სამინისტრომ „ნეტგაზეთისთვის“ მიცემულ კომენტარში მას „დეზინფორმაცია“ უწოდა, რომელიც „მიმართულია ორ სტრატეგიულ პარტნიორ ქვეყანას შორის ურთიერთობებში პრობლემის ხელოვნურად შექმნისკენ“.

აზერბაიჯანულ მხარეს საქართველოსთვის ოფიციალურად არ მოუთხოვია აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით განმარტება.

პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ კი განაცხადა, რომ „საქართველოს და აზერბაიჯანს შორის სტრატეგიულ პარტნიორობას და ძმობას არაფერი ემუქრება“.


FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები
დაიცავი დისტანცია