აშშ-ის „დემოკრატმა“ პრეზიდენტობის კანდიდატმა ჯო ბაიდენმა
კალიფორნიის შტატის სენატორი კამალა ჰარისი ვიცე პრეზიდენტობის
კანდიდატად დაასახელა, -ამის შესახებ ინფორმაციას BBC-ი ავრცელებს.
გამოცემის ცნობით, ბაიდენმა განაცხადა, რომ მას აქვს დიდი პატივი,
კამალა ჰარისი დაასახელოს, რომელიც მისი თქმით „უშიშარი მებრძოლი და
ქვეყნის ერთ-ერთი საუკეთესო სახელმწიფო მოხელეა”.
თავის მხრივ, ჰარისმა განაცხადა, რომ აქვს პატივი, „დემოკრატიული
პარტიის“ ვიცე-პრეზიდენტობის კანდიდატი იყოს.
„ჯო ბაიდენს ამერიკელი ხალხის გაერთიანება შეუძლია, იმიტომ რომ ის
მთელ თავის ცხოვრებას ჩვენთვის ბრძოლაში ატარებს. მაქვს პატივი, ჩვენი
პარტიის ვიცე-პრეზიდენტობის კანდიდატი ვიყო და გავაკეთო ის, რაც მას
ჩვენს მთავარსარდლად აქცევს.“
BBC-ი წერს, რომ კამალა ჰარისი, რომელიც კალიფორნიის შტატის ყოფილი
გენერალური პროკურორია, ვიცე-პრეზიდენტობის კანდიდატად დასახელებული
პირველი ფერადაკანიანი ქალი და აზიელი ამერიკელია.
ჰარისი თავის მეტოქესთან, დონალდ ტრამპის ვიცე-პრეზიდენტობის კანდიდატ
მაიკ პენსთან, 7 ოქტომბერს დებატებს გამართავს.
შეგახსენებთ, აშშ-ში საპრეზიდენტო არჩევნები 3 ნოემბერს
გაიმართება.