სიახლე
„ბავშვთა სამყაროს“ ხანძრით დაზარალებულების ნაწილმა თბილისის საკრებულოსთან აქცია გამართა
„მოგვეცით კომპენსაცია, როგორც სხვა დაზარალებულებს“, – ამ მოთხოვნით, „ბავშვთა სამყაროს“ ხანძრით დაზარალებულების ნაწილმა თბილისის საკრებულოსთან აქცია გამართა. საპროტესტო აქციის მონაწილეების თქმით, ხანძარმა ბევრი ადამიანი დააზარალა, 3000-ლარიანი კომპენსაცია კი მხოლოდ დაზარალებულთა ნაწილმა მიიღო.

ერთ-ერთი დაზარალებული ნაირა ლალიაშვილი ამბობს, რომ ის ერთ-ერთია, რომელმაც „ბავშვთა სამყაროს“ ხანძრისგან ზარალი მიიღო და მე-4 წელია, ითხოვს ერთჯერად, 3 000-ლარიან კომპენსაციას.

„დაგვეწვა ნივთები. მე-4 წელია უკვე, ბანკების ქვეშ ვართ. 3 თვის გამოტანილი სესხი მქონდა და ჩავწვი ნახევარზე მეტი. იმის მერე ვიხდი ბანკებს, სამსახურში – ქირას. პატრონი არ გვყავს, არავინ არაფრით არ გვეხმარება. მოსულები ვართ, რომ ავიღოთ ჩვენი ფული. დაგვეხმაროს მთავრობა, საკრებულო, ან ვინც იქნება…

დაზარალებულების ადვოკატის, ნონა ფილაურის შეფასებით, მერიისა და საკრებულოს მიდგომა ხანძრით დაზარალებულების მიმართ უსამართლოა.

„სახელმწიფოს მიდგომა, კონკრეტულად, მერიისა და საკრებულოს მიდგომა ხანძრით დაზარალებულების მიმართ იყო უსამართლო. მოხდა დაზარალებულების დისკრედიტაცია, ანუ დაყოფა. რაღაცა ნაწილმა მიიღო 3 000-ლარიანი დახმარება, რაღაცა ნაწილმა არ მიიღო. როდესაც ჩვენ ვკითხეთ საკრებულოს და მერიას, მივმართეთ წერილობით და მოვითხოვეთ, რომ აეხსნათ, თუ რატომ მოიქცნენ ისინი ასე, პასუხი იყო ასეთი, რომ ჩვენ სიები თავიდან გადმოგვეცა, ჩვენ იმ სიების შესაბამისად გავეცით ეს დახმარებები და შემდგომში თუ ვინმემ არ მიიღო [დახმარება], ეს არის იმ ადამიანებისა და იმ შეპესეების ბრალი, ვინც კონკრეტულად გადმოგვცა სიები და ედავეთ მათ
“, – ჰყვება დაზარალებულების ადვოკატი, ნონა ფილაური.

ადვოკატის განცხადებით, მათ ეს უარი გაასაჩივრეს და ახლა სხვადასხვა ინსტანციაშია გაბნეული კონკრეტული საქმეები. ფილაურის თქმით, ზოგიერთ შემთხვევაში სასამართლომ ეს საქმე დაამთავრა კიდეც და უზენაესმა სასამართლომ მერიას და საკრებულოს უთხრა, რომ მათ ამ კომპენსაციის მიცემის ვალდებულება ჰქონდათ.

ადვოკატის მტკიცებით, არსებობს განაჩენი, რომლის მიხედვითაც სახელმწიფომ ეს ადამიანები დაზარალებულებად ცნო.

„ჩვენ, დღეს ვითხოვთ, გამომდინარე იქიდან, რომ არსებობს პანდემია, გამომდინარე იქიდან, რომ არსებობს ეკონომიკური კრიზისი და ვართ ძალიან ცუდ მდგომარეობაში, ვითხოვთ საკრებულოსგან, ვითხოვთ მერიისგან, დაუყოვნებლივ მოხდეს ამ თანხის გაცემა. ნუღარ გვედავებიან იმიტომ, რომ ბოლო მოგება მაინც ჩვენია, როგორც ეს უზენაესმა სასამართლომ განაცხადა და ეს არის ტყუილად დროის ხარჯვა. ხალხი არის ეკონომიკურ კრიზისში“, – ამბობს ნონა ფილაური.

წყარო: პუბლიკა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები
დაიცავი დისტანცია