დისტანციური სწავლების გაუქმების მოთხოვნით მშობლებმა აქცია გამართეს
თბილისში, რუსთაველის გამზირზე, სკოლის შენობებში სწავლის დაწყების მოთხოვნით მშობლებმა აქცია გამართეს. აქციის მონაწილეების განმარტებით, ონლაინ სწავლება მათ შვილებზე უარყოფითად აისახება, რის გამოც დისტანციური სწავლების გაპროტესტება გადაწყვიტეს.

აქციის ერთ-ერთი მონაწილის, რუსუდან კუჭოშვილის თქმით, მისი სამი შვილი სრულფასოვანი განათლების მიღებას ვერ ახერხებს, რადგან ოჯახში საკმარისი ტექნიკა არ აქვთ:

“ხშირად ხდება ხოლმე კონფლიქტი კომპიუტერის ან კარგი ტელეფონის გამო, რომ ბავშვებმა საგაკვეთილო პროცესში ჩართულობა შეძლონ. ჩვენ ვითხოვთ, ბავშვები დააბრუნონ სკოლაში ყველა იმ რეგულაციის გათვალისწინებით, რაც მანამდე ჰქონდათ შემუშავებული, როგორც უცხოეთშია”, – უთხრა კუჭოშვილმა ნეტგაზეთს.

მისი თქმით, ასევე უსამართლოა, როცა დისტანციურ რეჟიმზე სწავლის პარალელურად ჩვეულებრივ იმართება სამთავრობო, ხალხმრავალი ღონისძიებები.

კუჭოშვილის მსგავსად, ონლაინ სწავლების გაუქმებას ითხოვს აქციის კიდევ ერთი მონაწილე დარია ჩხიტუნიძე, რომლის ერთ-ერთი შვილი დაწყებითი კლასის მოსწავლეა. ჩხიტუნიძის თქმით, მის შვილზე განსაკუთრებით უარყოფითად აისახება დისტანციური სწავლება:

“ასე ხელაღებით არ შეიძლებოდა სკოლებში სწავლის პირველ ოქტომბრამდე გადაწევა. მით უმეტეს, ამ სიტუაციის გათვალისწინებით შეიძლება სწავლა არც პირველ ოქტომბერს არ დაიწყოს. აქედან ჩანს, რომ მთელი ამ პერიოდის განმავლობაში განათლების სამინისტროს არავითარი გეგმა არ შეუმუშავებია. განსაკუთრებით რთულია დაწყებითი კლასის მოსწავლეებისთვის. ჩემი შვილისთვის ეს პროცესები ძალიან სტრესულია, არ უნდა ონლაინ სწავლა, უნდა ბავშვებთან ერთად სკოლაში”,- განმარტა ჩხიტუნიძემ.

აქციის მონაწილეები დისტანციური სწავლის გაუქმების მოთხოვნით ხელმოწერებსაც აგროვებენ, რათა შემდეგ მიმართონ შესაბამის უწყებებს.

დისტანციურ სწავლებასთან დაკავშირებით დღეს, 15 სექტემბერს ისაუბრა განათლების მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა. მისი თქმით, პირველი ოქტომბრიდან სწავლა საკლასო ოთახებში გაგრძელდება.

“წლევანდელი სასწავლო წელი უჩვეულო გარემოში იწყება. ჩვენთვის თითოეული მოსწავლის, მასწავლებლის, სტუდენტის, დირექტორის და ზოგადად მოქალაქეებზე ზრუნვა არის უმთავრესი პრიორიტეტი. სწორედ ამიტომ გადავწყვიტეთ, რომ საქართველოს ზოგიერთ ქალაქსა და სოფელში სასწავლო პროცესი დისტანციურად დაიწყოს, ხოლო პირველ ოქტომბერს ეს პროცესი ჩვეულ გარემოში გაგრძელდება”, – განაცხადა ჩხენკელმა.

დღევანდელ აქციას მოგვიანებით შეუერთდნენ ადამიანები, რომლებსაც კორონავირუსის არ სჯერათ და, ასევე, ეწინააღმდეგებიან აცრებს, პირბადეების ტარებას და ა.შ. ისინი კორონავირუსის პანდემიას აფიორას უწოდებენ, თუმცა უცნობია, რის საფუძველზე.

11 სექტემბერს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ განაცხადა, რომ საქართველოს დიდ ქალაქებში, მათ შორის თბილისში, გორში, ზუგდიდში, რუსთავში, ფოთში, ქუთაისსა და ბათუმში ნებისმიერი სახის სასწავლო პროცესი 15 სექტემბერს ონლაინ რეჟიმში დაიწყებოდა. ეპიდემიოლოგიური ვითარების გაუარესებასთან ერთად, სწავლა დისტანციურად დაიწყო საქართველოს რამდენიმე სოფელსა და მთლიანად აჭარაში.

გახარიას თქმით, აღნიშნული გადაწყვეტილება ძალაში პირველ ოქტომბრამდე დარჩება, ამ პერიოდს კი რისკების სწორი შეფასებისთვის გამოიყენებენ.

სასწავლო პროცესის გადადებასთან დაკავშირებით იმავე ბრიფინგზე ისაუბრა ჯანდაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემაც. მისი თქმით, დიდ ქალაქებში ადამიანების მობილობა ბევრად უფრო მაღალია, ვიდრე სხვა დასახლებულ პუნქტებში. ამასთან, ასეთ ქალაქებში მაღალია ინტერნეტიზაციის დონეც, რაც სწავლის ჰიბრიდული მეთოდით დაწყებას შეუწყობს ხელს.

მთავრობის წარმომადგენლები და ეპიდემილოგები რამდენიმე თვით ადრე ამბობდნენ, რომ სასწავლო წელი საკლასო ოთახებში უნდა დაწყებულიყო. 14 აგვისტოს კი განათლების სამინისტრომ გამოსცა რეკომენდაციები, რომლის მიხედვითაც 15 სექტემბრისთვის მაღალი კლასის მოსწავლეებს შერეული სისტემით უნდა დაეწყოთ სწავლა, I-IV კლასის მოსწავლეებისთის კი გაკვეთილების ჩატარება უშუალოდ სკოლის შენობაში სავალდებულო იქნებოდა.

წყარო: ნეტგაზეთი
Print