შინაგან საქმეთა სამინისტრომ განზრახ მკვლელობის ფაქტი ცხელ კვალზე გახსნა
10:06 / 16.09.2020
შინაგან საქმეთა სამინისტროს მცხეთა-მთიანეთის პოლიციის დეპარტამენტის
თანამშრომლებმა, ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად,
რუსეთის ფედერაციის მოქალაქე, 1980 წელს დაბადებული ვ.გ. განზრახ
მკვლელობის ბრალდებით, ყაზბეგში დააკავეს.
დანაშაული 7-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას
ითვალისწინებს.
გამოძიებამ დაადგინა, რომ მიმდინარე წლის 14 სექტემბერს, სასაზღვრო
გამშვები პუნქტი "დარიალის" მიმდებარე ტერიტორიაზე,
ურთიერთშელაპარაკებისას წარმოშობილი კონფლიქტის დროს, დაკავებული
ვ.გ.-ს მამას - 1956 წელს დაბადებულ ა.გ.-ს საქართველოსა და რუსეთის
ორმაგმა მოქალაქემ, 1981 წელს დაბადებულმა ა. მ.-მ მიაყენა
ჯანმრთელობის დაზიანება, რის შედეგადაც ა.გ.- გარდაიცვალა.
ამის შემდეგ, გარდაცვლილი ა.გ.-ს შვილმა - ვ.გ.-მ, შურისძიების
მოტივით, ცივი იარაღისა და ბლაგვი საგნის გამოყენებით მრავლობითი
დაზიანება მიაყენა ა.მ.-ს, რასაც მისი გარდაცვალება მოჰყვა.
პოლიციამ ვ.გ. მომხდარიდან რამდენიმე საათში, ცხელ კვალზე
დააკავა.
გამოძიება განზრახ მკვლელობის ფაქტზე მიმდინარეობს, საქართველოს
სსკ-ის 108-ე მუხლით.