სიახლე
“მიუხედავად სიცხის დაფიქსირებისა, ამომრჩეველს ხმის მიცემის უფლებას ვერ შევუზღუდავთ” – ჟვანია
საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე თამარ ჟვანია აცხადებს, რომ კენჭისყრის დღეს ხმის მისაცემად უბანზე იმ პირებსაც დაუშვებენ, რომლებსაც ტემპერატურა დაუფიქსირდებათ:

“დღეს პოლიტიკურ პარტიებთან და სამოქალაქო ორგანიზაციებთანაც შევთანხმდით, რომ ჩვენ ამომრჩევლებს, მიუხედავად სიცხის დაფიქსირებისა, ვერ შევუზღუდავთ კენჭისყრაში მონაწილეობის უფლებას. ამიტომ, ყველა ამომრჩეველი, რომელიც მოვა უბანზე, შეძლებს მიიღოს კენჭისყრაში მონაწილეობა. თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ კენჭისყრის მიზნებისთვის მათ ძალიან მცირე ხნით უწევთ კონტაქტი, ეს არის 15 წუთზე ნაკლები კონტაქტი, რაც არ არის სარისკო კონტაქტი საერთაშორისო სტანდარტით”, – ამბობს თამარ ჟვანია.

მისი თქმით, ყველა ამომრჩეველი და საარჩევნო უბანზე ყოფნის უფლების მქონე პირი ვალდებული იქნება ატაროს პირბადე. ამომრჩეველს კი პირბადის მოხსნა მოუწევთ ორ შემთხვევაში – უბანზე შესვლისას და რეგისტრატორთან, რათა მათი იდენტიფიცირება მოხდეს.

ჟვანია აღნიშნავს, რომ იმ პირებს, რომლებიც უბანზე პირბადის გარეშე გამოცხადდებიან, საუბნო საარჩევნო კომისიის წევრები წინასწარ მომარაგებული პირბადის გაკეთებას შესთავაზებენ:

“ჩვენი გეგმა არის ასეთი, ინდივიდუალური პასტები შევთავაზოთ ამომრჩევლებს. ჩვენ ამომრჩევლებს აუცილებლად მოვთხოვთ პირბადის ტარებას იმიტომ, რომ მათ დახურულ კენჭისყრის შენობაში უწევთ ხმის მიცემა და ეს იქნება სავალდებულო მოთხოვნა. თუმცა პირბადის მოხსნის ვალდებულება ექნებათ ორ შემთხვევაში – შესასვლელში და რეგისტრატორთან, როცა მათი იდენტიფიცირება მნიშვნელოვანია არჩევნების სანდოობისთვის.

კომისიის წევრებზე ვგეგმავთ როგორც პირბადეების ტარების მოთხოვნას, ასევე, ხელთათმანებით მუშაობას, სადეზინფექციო ხსნარების გამოყენებას. თუ არ ექნება ამომრჩეველს პირბადე, შევთავაზებთ ჩვენს პირბადრეს”,
– ამბობს ჟვანია.

კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, შეიცვლება კაბინების დიზაინიც და ის იმგვარად მოეწყობა, რომ საჭირო არ იქნება ფარდების გამოყენება, რომელსაც ამომრჩევლები შესვლა-გამოსვლისას ეხებიან:

“კაბინების დიზაინიც იქნება განსხვავებული. ის განლაგდება ისე, რომ ფარდების გარეშე უზრუნველყოფილ იყოს ხმის მიცემის ფარულობა და არ იქნება საჭირო მისი ყოველწამიერი დეზინფექციის”, – ამბობს ჟვანია.

FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები
დაიცავი დისტანცია