ბოლნისის სოფლებში ოპოზიციის საარჩევნო პლაკატები დახიეს

ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფლებში „ძალა ერთობაშიას“ მაჟორიტარობის კანდიდატის კახა ოქრიაშვილის საარჩევნო პლაკატები დახიეს.

პლაკატები ბოლნისის სოფლელ იმირჰასანში, გოჩულოში, არაგოლში, ზოლ-გუვეჯსა და დარვაზში დახიეს. ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ბოლნისის რაიონული ორგანიზაციის წარმომადგენელი ფეგან ჰუსეინოვი პლაკატების დახევაში სოფელ ფარახლოს და იმირჰასანის რწმუნებულს ნოვრუზ აივაზოვსა და საკრებულოს წევრებს ადანაშაულებს. მისი თქმით, ფაქტთან დაკავშირებით პოლიციას უკვე მიმართეს.

„გუშინ საღამოს 8 საათის მერე ჩვენ დავიწყეთ კახა ოქრიაშვილის ბანერების გაკვრა. 12 საათამდე ეს საქმე გაგრძელდა. ღამის 3 საათის მერე 3-4 მანქანა მოსულა, თითო მანქანაში 4-5 კაცი იჯდა და ყველა ფოტო დახიეს. ამაზე პასუხისმგებლობა შტაბის უფროსმა ნოვრუზ აივაზოვმა უნდა აიღოს. ის ფახრალოს რწმუნებულია და როგორც გვითხრეს ფახარლოდანაც იყო მანქანა. ჩვენ პოლიციაც და ექსპერტიზაც გამოვიძახეთ და შევიტანთ საჩივარს“ - აცხადებს ფეგან ჰუსეინოვი

ჰუსეინოვის თქმით, არსებობენ თვითმხილველები, რომლებმაც დაინახეს თუ როგორ ხევდნენ ხელისუფლების წარმომადგენლები პლაკატებს.

რადიო „მარნეულთან“ საუბრისას სოფელ ფახრალოს და იმირჰასანის რწმუნებულმა ნოვრუზ აივაზოვმა ბრალდებები უარყო და განაცხადა, რომ წინასაარჩევნო პერიოდში ასეთი შემთხვევები ოპოზიციის პროვოკაციაა.

„ფოტოს დახევა დანაშაულია. არ აქვს მნიშვნელობა ოპოზიციაა თუ სახელისუფლებო პარტია. მე როგორც ადგილობრივი გამგეობის წევრი ვალდებული ვარ, პირიქით, დავაორგანიზო ეს საკითხები რომ წინასსარჩევნოდ ფოტოები გააკრან და კანდიდატები ხალხს შეხვდნენ. მე ასეთი ადამიანების პროვოკაციებს არ ავყვები. ჩვენ ცივილურ, დემოკრატიულ, ქვეყანაში ვცხოვრობთ და ფოტოს დახევა და ეგეთი საკითხები დაუშვებელია“. - გვითხრა ნოვრუზ აივაზოვმა

რწმუნებულმა ჩვენთან საუბრისას აღნიშნა, რომ ის დილით იმირჰასანში მოსახლეობას შეხვდა და მათ აუხსნა, რომ საარჩევნო პლაკატების დახევა კანონით ისჯება.

რადიო „მარნეული“

 

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები