აზერბაიჯანის ხელისუფლება სომხეთის არმიის მოიერიშე სამხედრო თვითმფრინავის ჩამოგდების შესახებ იუწყება, სომხეთი ინფორმაციას უარყოფს
აზერბაიჯანის ხელისუფლება სომხეთის არმიის „სუ 25“-ის ტიპის მოიერიშე სამხედრო თვითმფრინავის ჩამოგდების შესახებ იუწყება.

აზერბაიჯანული მედიის ინფორმაციით, ჯაბრაილის რაიონში აზერბაიჯანის არმიის პოზიციებზე საჰაერო დარტყმების მცდელობისას, აზერბაიჯანის არმიის ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის სისტემამ სომხეთის სამხედრო თვითმფრინავი ზუსტი დარტყმით ჩამოაგდო.

აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციას სომხეთის ხელისუფლება უარყოფს და დეზინფორმაციას უწოდებს.

რამდენიმე წუთის წინ აზერბაიჯანისა და თურქეთის თავდაცვის მინისტრებს შორის სატელეფონო საუბარი გაიმართა. თურქული მედია წერს, რომ თურქეთის თავდაცვის უწყების ხელმძღვანელმა აზერბაიჯანელ კოლეგას ქალაქ ფიზულის გათავისუფლება და სომხეთის არმიის ორი „სუ 25“-ის ტიპის სამხედრო თვითმფრინავის ჩამოგდება მიულოცა.

წყარო: პირველი არხი
Print