სტაციონარში და თვითიზოლაციაში მყოფი პირები ხმას გადასატანი ყუთის მეშვეობით მისცემენ - ცესკო
სტაციონარულ სამკურნალო დაწესებულებებსა და თვითიზოლაციაში მყოფ მოქალაქეებს 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებში ხმის მიცემა გადასატანი ყუთის მეშვეობით შეეძლებათ.

ცენტრალური საარჩევნო კომისიის ვებგვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციის მიხედვით, სამუშაო ჯგუფში, რომელმაც სტაციონარულ სამკურნალო დაწესებულებებსა და თვითიზოლაციაში მყოფი პირებისათვის ხმის მიცემის პროცედურა შეიმუშავეს, საარჩევნო ადმინისტრაციის, პოლიტიკური პარტიების, სამოქალაქო სექტორის და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები შედიოდნენ.

ცესკოს მიერ შემუშავებული დოკუმენტი სამუშაო ჯგუფის წევრებს დამატებითი შენიშვნებისათვის უკვე გადაეგზავნათ. ცესკო აღნიშნულ საკითხზე გადაწყვეტილებას უახლოეს სხდომაზე მიიღებს.

„საარჩევნო ადმინისტრაცია სტაციონარულ სამკურნალო დაწესებულებებსა და იზოლაციაში მყოფ ამომრჩევლებს სთავაზობს არჩევნებში მიიღონ მონაწილეობა საარჩევნო კომისიის ფუნქციების მქონე სპეციალური ჯგუფების მომსახურებით. კერძოდ, ცესკო მუნიციპალიტეტებში საოლქო საარჩევნო კომისიების მოქმედების საზღვრებში შექმნის არანაკლებ ერთ საარჩევნო უბანს და დააკომპლექტებს სპეციალურ ჯგუფებს.

სპეციალური ჯგუფის წარმომადგენელები უზრუნველყოფენ სტაციონარულ სამკურნალო დაწესებულებებსა და კარანტინში მყოფ ამომრჩევლებთან საარჩევნო ყუთის მიტანას. ამასთან, თვითიზოლაციაში მყოფ ამომრჩევლებს, რომელთა მონაცემებიც ოფიციალურად ფიქსირდება შესაბამისი უწყების მონაცემთა ბაზაში, ექნებათ შესაძლებლობა საარჩევნო ადმინისტრაციას მიმართონ გადასატანი საარჩევნო ყუთით მომსახურების მოთხოვნით“
- წერია ცესკოს განცხადებაში

ცესკოს ინფორმაციით, სპეციალური ჯგუფის თითოეული წევრი, მათ შორის საარჩევნო პროცესის ყველა მონაწილე აღჭურვილი იქნება შესაბამისი ეკიპირებით, კერძოდ, ერთჯერადი ხალათით, ნიღბით, ხელთათმანით, დამცავი ფარითა და სანიტარულ-ჰიგიენური საშუალებებით.

სპეციალური უბნის წევრებს ჩვეულებრივ საარჩევნო უბნებთან შეხება არ ექნებათ. გადასატან ყუთზე დაკვირვება კი, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, დამკვირვებლებს, მედიას და საარჩევნო სუბიექტების წარმომადგენლებს შეეძლებათ.

გადასატანი საარჩევნო ყუთის ხმების დათვლა სპეციალურად შექმნილ საარჩევნო უბანზე მოხდება.

რადიო „მარნეული“

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები