შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ, სამეგრელოს რეგიონში ჩატარებული
სპეციალური საპოლიციო ღონისძიების შედეგად, ყველა მძევალი
გათავისუფლებულია და მათ სიცოცხლესა, ასევე ჯანმრთელობას საფრთხე არ
ემუქრება.
მოგეხსენებათ, ქალაქ ზუგდიდში, ზვიად გამსახურდიას გამზირზე მდებარე
ერთ-ერთი ბანკის ფილიალზე განხორციელდა შეიარაღებული თავდასხმა,
რომლის დროსაც დამნაშავემ 43 მოქალაქე აიყვანა მძევლად.
პოლიციის ძალისხმევით, რთული და ხანგრძლივი მოლაპარაკებების შედეგად,
დღის განმავლობაში მათი უდიდესი ნაწილი ეტაპობრივად გათავისუფლდა,
რომლებსაც სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორი
ავთანდილ გალდავა ჩაენაცვლა.
მოგვიანებით, ავთანდილ გალდავამ და სამმა მძევალმა, თავდამსხმელთან
ერთად დატოვა ბანკის შენობა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის
დეპარტამენტის დირექტორის - ავთანდილ გალდავას უშუალო ძალისხმევით
შეიარაღებული დამნაშავისგან ყველა მძევალი გათავისუფლდა, ამჟამად მათ
სიცოცხლეს და ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება
სამართალდამცველები ინტენსიურ რეჟიმში აგრძელებენ
ოპერატიულ-საგამოძიებო და სამძებრო ღონისძიებებს დამნაშავის დაკავების
მიზნით.
შინაგან საქმეთა სამინისტრო ფაქტთან დაკავშირებით საზოგადოებისთვის
დამატებით ინფორმაციას ეტაპობრივად გაავრცელებს.