ფინანსთა სამინისტრო - პანდემიის რისკების შემცირებისა და გლობალური მდგომარეობის გაუმჯობესების პარალელურად, საქართველოს ეკონომიკა გაჯანსაღების პროცესს გაააქტიურებს
ფინანსთა სამინისტროს ინფორმაციით, პანდემიის რისიკების შემცირებისა და გლობალური მდგომარეობის გაუმჯობესების პარალელურად, საქართველოს ეკონომიკა 2021 წლის მეორე ნახევარში გაჯანსაღების პროცესს გააქტიურებს. მიმდინარე წლის ბიუჯეტის პროექტის მიხედვით, 2021 წლისათვის მოსალოდნელია მშპ-ის რეალური ზრდა 4.3%-ის ფარგლებში, ხოლო საშუალოვადიან პერიოდში საშუალოდ 5.5%-ის ფარგლებში შენარჩუნდება, რაც ერთ-ერთი ყველაზე მაღალი მაჩვენებელი იქნება არა მხოლოდ ჩვენს რეგიონში, არამედ ევროპაში. ინფლაციის მაჩვენებელი 2020 წლისათვის მოსალოდნელია 3.5%-ის ფარგლებში, ხოლო საშუალოვადიან პერიოდში პროგნოზირებულია საქართველოს ეროვნული ბანკის მიზნობრივი ინფლაციის ფარგლებში და შეადგენს 3%-ს. ინფორმაციას ფინანსთა სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით, 2021 წლის ნომინალური მშპ-ს მოცულობა 53.4 მლრდ ლარს შეადგენს, ხოლო 2024 წლისთვის პროგნოზირებულია მისი გაზრდა 68.6 მლრდ ლარამდე.

“2020 წელს, მიმდინარე პანდემიის ფონზე, საერთაშორისო სავალუტო ფონდთან შეთანხმებით დეფიციტი 2.5%-დან 8.5%-მდე გაიზრდა. თუმცა, COVID-19-ით გამოწვეული პანდემიის და მასთან დაკავშირებული ეკონომიკური კრიზისის გაღრმავების ფონზე, 2020 წლის დეფიციტი მოსალოდნელია, რომ გაიზრდება მშპ-ის 9.1%-მდე გაიზრდება. საერთაშორისო სავალუტო ფონდთან შეთანხმებით, 2021 წელს შენარჩუნებულია მაღალი საბიუჯეტო დეფიციტი მშპ-სთან მიმართებაში. სსფ-ის მეთოდოლოგიით, დეფიციტი შეადგენს 7.6%-ის (საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული დეფიციტი, რომელიც ეყრდნობა GFSM 2014 კლასიფიკაციას - არის 7.5%) აღსანიშნავია, რომ საშუალოვადიანი ფისკალური ჩარჩო ითვალისწინებს მშპ-ის 3%-იან ნიშნულზე დაბრუნებას 2023 წლისათვის. 2021 წლის ბოლოსათვის, „ეკონომიკური თავისუფლების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონით განსაზღვრული მთავრობის ვალი განისაზღვრება მშპ-ის 60.1%-ის ოდენობით; მომდევნო წლებში ვალი მცირედით შემცირდება და 2024 წლისთვის მშპ-ს 57.6% პროცენტი იქნება. ბიუჯეტის მიმდინარე ხარჯებზე მნიშნელოვან გავლენას ახდენს სახელმწიფო პენსიის ინდექსირებით ზრდა (210.0 მლნ ლარი), ასევე, საჯარო სკოლების მასწავლებელთა ხელფასების დაგეგმილი ზრდა. წარმოდგენილ ბიუჯეტში ასევე ასახულია COVID-19-ით გამოწვეული პანდემიის ფარგლებში ჯანმრთელობის დაცვის, მოსახლეობის სოციალური დაცვისა და ეკონომიკის ხელშეწყობის ღონისძიებები (მშპ-ის 1.7%). შესაბამისად, 2021 წლისთვის მიმდინარე ხარჯები შეადგენს მშპ-ს 25.1% (2020 წელს პანდემიის გათვალისწინებით ეს მაჩვენებელი შეადგენს 26.2%-ს). საშუალოვადიან პერიოდში ხარჯები შემცირდება მშპ-ის 22.2%-მდე ფარგლებში.

რაც შეეხება კაპიტალურ ხარჯებს - 2019-2020 წლებში დაწყებული ისეთი მსხვილი ინფრასტრუქტურული პროექტების აქტიურ ფაზაში შესვლიდან გამომდინარე, როგორიცაა აღმოსავლეთ-დასავლეთის ჩქაროსნული მაგისტრალი და ჩრდილოეთ-სამხრეთი მიმართულება, 2021 წელს კაპიტალური ხარჯების წილი მშპ-სთან მიმართებაში 7.9 %-ს შეადგენს. ამავე დროს, დეფიციტის შემცირების პარალელურად, მომდევნო წლებშიც სასურველია კაპიტალური ხარჯები შენარჩუნდეს მშპ-ს 8%-იან ნიშნულთან ახლოს”,
- აღნიშნულია ინფორმაციაში.

წყარო: ინტერპრესნიუსი
Print