ილჰამ ალიევი - სომხეთი ან მთლიანად უნდა განადგურებულიყო ან ფაშინიანს ხელი უნდა მოეწერა, ვისი რა საქმეა? ყველამ საკუთარ საქმეს მიხედოს
კიდევ ერთხელ მინდა ვთქვა, რომ ჩვენ შევქმენით ახალი რეალობა, მოვიპოვეთ გამარჯვება, გავანადგურეთ მტერი, განვდევნეთ ის ჩვენი მიწებიდან, - აზერბაიჯანული მედიის ინფორმაციით, ამის შესახებ ქვეყნის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა განაცხადა.

მისივე თქმით, სომხეთის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი იძულებული იყო, მთიან ყარაბაღში საომარი მოქმედებების დასრულების შესახებ სამმხრივი შეთანხმებისთვის ხელი მოწერა.

„ყველამ უნდა მიიღოს ეს, უნდა შეეგუოს ამ რეალობას, ისევე როგორც ეს სომხეთმა გააკეთა. ამ განცხადების ქვეშ არის ფაშინიანის ხელმოწერა. იგი იძულებული გახდა, ხელი მოეწერა. არსებითად, მან ხელი მოაწერა კაპიტულაციის აქტს. სომხეთი ან მთლიანად უნდა განადგურებულიყო ან ხელი მოეწერა. ვისი რა საქმეა? ყველამ საკუთარ საქმეს მიხედოს,”-
აღნიშნა ალიევმა.

მისივე თქმით, მთიანი ყარაბაღის კონფლიქტი აღარ არსებობს.

„ჩვენ მტრისგან რამდენიმე რაიონი გავათავისუფლეთ, დავიბრუნეთ სამი რაიონი. მთიანი ყარაბაღის კონფლიქტი დასრულებულია. თუკი ვინმე ფიქრობს, რომ კონფლიქტი ჯერ კიდევ არსებობს, ცდება. ადამიანები, რომლებიც დღეს მთიან ყარაბაღში ცხოვრობენ, აზერბაიჯანის მოქალაქეები არიან,“- აღნიშნა ალიევმა.

შეგახსენებთ, სამმხრივი შეთანხმების თანახმად, რომელსაც ხელი აზერბაიჯანისა და რუსეთის პრეზიდენტებმა და სომხეთის პრემიერ-მინისტრმა 10 ნოემბერს მოაწერეს, აზერბაიჯანის სამხედრო დანაყოფები დღეს ლაჩინის რაიონში შევიდნენ.

წყარო: ინტერპრესნიუსი
Print