აზერბაიჯანმა 100 ტონა თხევადი სამედიცინო ჟანგბადი გვაჩუქა – საელჩო
აზერბაიჯანში საქართველოს საელჩო იუწყება, რომ აზერბაიჯანმა საქართველოს უსასყიდლოდ გამოუყო 100 ტონა თხევადი სამედიცინო ჟანგბადი.

როგორც საელჩოს განცხადებაში წერია, პანდემიის ფონზე და ბოლო პერიოდში საქართველოში შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, ქვეყანაში სრულად გადაწყდა კოვიდინფიცირებულ პაციენტთა ჟანგბადით მომარაგების საკითხი.

„საქართველოს მთავრობის დავალების თანახმად, აღნიშნული საკითხის მოგვარებაში აქტიურად არიან ჩართულნი საგარეო საქმეთა სამინისტრო და ჩვენი ქვეყნის დიპლომატიური წარმომადგენლობები“, – წერს საელჩო.

აზერბაიჯანში საქართველოს ელჩის, ზურაბ პატარიძის თანახმად, „ოპერატიულ რეჟიმში მოხერხდა შესაბამისი რაოდენობის თხევადი სამედიცინო ჟანგბადის მარაგების მოძიება“.

საელჩო მადლობას უხდის აზერბაიჯანულ კომპანია Baku steel-ს, რომელმაც, საელჩოს განცხადებითვე, უსასყიდლოდ გამოუყო საქართველოს კოვიდ-კლინიკებს 100 ტონა თხევადი სამედიცინო ჟანგბადი და ტვირთ საკუთარი ხარჯით ჩამოიტანა.

„უნდა აღინიშნოს, რომ მთელ ამ შრომატევად პროცესში, განსაკუთრებული წვლილი შეიტანა ჩვენი სტრატეგიული პარტნიორი ქვეყნის მინისტრთა კაბინეტმა, შესაბამისმა სახელმწიფო სტრუქტურებმა – ეკონომიკისა და საგანგებო სიტუაციების მართვის სამინისტროებმა, რკინიგზის დეპარტამენტმა და საბაჟო კომიტეტმა“, – წერს საელჩო.

დიპლომატიური უწყება აცხადებს, რომ ქართული და აზერბაიჯანული მხარეები განაგრძობენ მჭიდრო თანამშრომლობას, რათა არ შეიქმნას დეფიციტი საქართველოს ჯანდაცვის სექტორში კოვიდ-კლინიკების თხევადი სამედიცინო ჟანგბადით მომარაგების კუთხით.

„უახლოეს პერიოდში იგეგმება თხევადი სამედიცინო ჟანგბადის შესაბამისი მარაგების მიწოდება აზერბაიჯანიდან საქართველოში, როგორც სახმელეთო გზით, ასევე, რკინიგზის საშუალებით“, – წერია განცხადებაში.
წყარო: ნეტგაზეთი
Print