წინასწარი გამოკითხვებით, საქართველოში 50-60% მზად არის, აიცრას კოვიდზე – გამყრელიძე
სხვადასხვა გამოკითხვის მიხედვით, საქართველოს მოსახლეობის 50-60% მზად არის, აიცრას ახალ კორონავირუსზე. ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ, მთავრობის ადმინისტრაციაში დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ გაბუნიამ დასძინა, რომ ეს მონაცემი ეყრდნობა ხელისუფლების მიერ 2020-ის დეკემბერში ჩატარებულ კვლევას და ამ კვლევის გამეორება გარკვეული პერიოდულობით ისევ იგეგმება.

ამირან გამყრელიძემ ბრიფინგზე ასევე აღნიშნა, რომ ხელისუფლებამ დაიანგარიშა ყველა ის ხარჯი, რაც მოსახლეობის 60%-ის ასაცრელად იქნება საჭირო, მათ შორის, უშუალოდ ვაქცინების ღირებულება და მათი ლოჯისტიკის ხარჯები. შესაბამისად, ვარაუდობენ, რომ ამ პროგრამისთვის, ჯამში, 65-დან 170 მილიონამდე ლარი დაიხარჯება.

გამყრელიძე დასძენს, რომ სურს, მოსახლეობის ზემოხსენებული რაოდენობა წელსვე აიცრას. კითხვას, რამდენად შესაძლებელია ეს, დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელი პასუხობს:

“შესაძლებელი ნამდვილად არის. რთულია, მაგრამ შესაძლებელი ნამდვილად არის. ამიტომ, ყველამ ერთად უნდა მოვინდომოთ. აქ უნდა იყოს ძალიან დიდი სოლიდარობა საზოგადოებაში, უნდა როგორმე დავთრგუნოთ ანტივაქსერული მოძრაობა”, – თქვა მან.

ამირან გამყრელიძემ დღევანდელ ბრიფინგზე გაიმეორა, რომ ვაქცინაზე უკეთესი საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ინტერვენცია კაცობრიობას არ მოუგონია და მის გარეშე COVID-19-ის დამარცხება შეუძლებელია.

“ვაქცინაციამ გადაარჩინა მილიონობით ადამიანის სიცოცხლე. აღარ არის ყვავილი. პოლიომიელიტი, რომელიც წლის განმავლობაში კლავდა 350 000 ადამიანს, დღეს არის მხოლოდ ორ ქვეყანაში დარჩენილი და ავადობა 100 150-ის ფარგლებშია.

წითელა, რომელიც ყოველწლიურად კლავდა 5 წლამდე ბავშვებში დაახლ. 0.5 მილიონს, დღეს ეს ჩამოცილებულია 100 000-ს. ეს ყველაფერი გააკეთა ვაქცინაციამ. ვაქცინაციის გარეშე ჩვენ კოვიდს ვერ დავამარცხებთ”,
– თქვა მან.

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები