კოვაქსისგან წერილი მივიღეთ... ვაქცინის შემოტანის სავარაუდო თარიღი პირველი კვარტალია - ტიკარაძე
კოვაქს-პლატფორმიდან წერილი მივიღეთ და 18 იანვარს უნდა ვუპასუხოთ - რა გეგმა გვაქვს ვაქცინაციასთან დაკავშირებით, - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროში, covid-19-ის ვაქცინაციის დანერგვის უწყებათაშორისო საკოორდინაციო კომისიის შეხვედრაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მინისტრის თქმით, კომისიის მიერ შემუშავებულია ვაქცინის მარეგულირებელი ჩარჩო, რათა მოხდეს ვაქცინის საქართველოში შემოტანა ყოველგვარი შეფერხების გარეშე.

„მივიღეთ ისეთი გადაწყვეტილებები, რომელიც გულისხმობს ვაქცინის შემოტანის კუთხით ტექნიკური ჯაჭვის სრულ ტექნიკურ შესწავლას და ინვენტარიზაციას. შევისწავლეთ პერსონალის მზაობა და ტრენინგები დაიგეგმა, რაც ვაქცინაციის პროცესში ძალიან მნიშვნელოვანია. დაიგეგმა ვაქცინაციის პრიორიტეტული ჯგუფები, თუმცა ცვლილებების შეტანა შესაძლებელია. ასევე მნიშვნელოვანია, თუ როგორ მოხდება კომუნიკაცია მოსახლეობასთან.

აუცილებელია ამაღლდეს ცნობიერება, თუ რას ემსახურება ვაქცინაცია, არის თუ არა უსაფრთხო მოსახლეობისთვის, რა შესაძლო გართულებები და სარგებელი შეიძლება ამას მოყვეს როგორც საზოგადოებრივი ჯანდაცვის კუთხით, ისე ქვეყნის ეკონომიკისთვის. მნიშვნელოვანია ასევე გვერდითი მოვლენების მონიტორინგი. გეგმა შემუშავებულია და ემსახურება ძალიან მნიშვნელოვან შემდეგ ნაბიჯს“, - განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.

მისივე თქმით, კოვაქს- პლატფორმიდან საქართველომ მიიღო წერილი და 18 იანვარს უკვე საპასუხო წერილი უნდა გავგზავნოთ, რომ დეტალურად აღვწეროთ, თუ რა მზაობა არის ქვეყანაში, რომ მოხდეს ვაქცინის შემოტანა.

„კოვაქს-პლატფორმისგან შეგვიძლია მივიღოთ "ფაიზერის" ვაქცინა. ვაქცინის სავარაუდო შემოტანის თარიღად დასახელებულია 2021 წლის პირველი კვარტალი. მე დარწმუნებული ვარ, ჩვენი გეგმა დააკმაყოფილებს მათ და უახლოეს მომავალში ქვეყანაში ვაქცინაციას დავიწყებთ“, - განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.

წყარო: ბმ
Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები