მაღაზიებში თამბაქოს ნაწარმი არ უნდა ჩანდეს – აკრძალვა ძალაში შევიდა
2021 წლის 1-ლი იანვრიდან ძალაში შევიდა რეგულაცია, რომლის თანახმადაც აკრძალულია თამბაქოს ყველა სახის ნაწარმის, თამბაქოს აქსესუარის ან მოხმარებისათვის განკუთვნილი მოწყობილობების განლაგება ვიტრინაზე, ვიტრაჟზე, დახლზე, თაროზე ან ისე, რომ მისი დანახვა შესაძლებელი იყოს სავაჭრო ობიექტში.

კანონის თანახმად თამბაქოს ნაწარმის, თამბაქოს აქსესუარის ან/და თამბაქოს მოხმარებისთვის განკუთვნილი მოწყობილობის გაყიდვა ისე, რომ იგი ხილვადი იყოს შესაბამის ობიექტში, გამოიწვევს ობიექტის დაჯარიმებას 2 000 ლარის ოდენობით, ხოლო განმეორებით – 4 000 ლარის ოდენობით.

დასაშვებია სანთებელას, საფერფლისა და პორტსიგარის განთავსება ხილულად, თუ მათზე არ არის დატანილი თამბაქოს ინდუსტრიაში ჩაბმულ პირთა ნაწარმის სასაქონლო ნიშანი ან და დასახელება. შიდა ხილვადობა ასევე არ არის აკრძალული აეროპორტის საბაჟო ტერიტორიის თავისუფალ, ე.წ. „დუთი ფრი“ ზონაში.

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი სავაჭრო ობიექტებს მოუწოდებს კანონის აღსრულებისკენ და მიმართავს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურს, მკაცრი რეაგირება მოახდინოს ამ ნორმის დარღვევის ყველა შემთხვევაზე.

წყარო: batumelebi.netgazeti.ge
Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები