თბილისის მერია დამატებით 180 ავტობუსის შეძენას გეგმავს
თბილისის მერია დამატებით 180 ავტობუსის შეძენას გეგმავს, რომელთა სიგრძე 8 მეტრი იქნება. ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ დღეს, 27 იანვარს გამართულ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

მისივე თქმით, მერიამ 12-მეტრიანი 100 ავტობუსი უკვე შეისყიდა და მათ ჩამოყვანას ელოდებიან. რაც შეეხება ახალი ავტობუსების შესყიდვის საკითხს, თბილისის მერის თქმით, უახლოს მომავალში 8-მეტრიანი ავტობუსების შემოყვანაზე ტენდერს გამოაცხადებენ.

„ყვითელი ავტობუსების ჩანაცვლების პროგრამა, ფაქტობრივად, დასრულებულია. ველოდებით 100 ერთეულ ავტობუსს, რომელიც უკვე შესყიდული გვაქვს და შემოვა. ეს არის BMC-ის მარკის 12-მეტრიანი ავტობუსები. ამით არსებული ყვითელი ავტობუსები მთლიანად გვექნება ჩანაცვლებული და არცერთი ყვითელი ავტობუსი არ იმოძრავებს დედაქალაქში. იქნება მხოლოდ 12-მეტრიანი, 10-მეტრიანი და 8-მეტრიანი ახალი ავტობუსები.

ბევრი გვაკრიტიკებს, რომ კონკრეტული პროექტების განხორციელებისას პრიორიტეტული ხდება ავტობუსის ზოლების მოწყობა. რა თქმა უნდა, ამას თან ბევრი კვლევა ახლავს და ის ყველა ქუჩაზე ვერ მოეწყობა, თუმცა, სადაც აუცილებელია, იქ ავტობუსის ზოლები იქნება. ჩვენ დამატებით ახალი ავტობუსების შეძენა გვჭირდება. ვაპირებთ 180 ერთეული 8-მეტრიანი ავტობუსების შესყიდვას. უახლოებს მომავალში ფასთა კვლევა გამოცხადდება, შემდეგ კი – ტენდერი“, –
განაცხადა კახა კალაძემ.

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები