შსს-ში საკადრო ცვლილებებია
შინაგან საქმეთა სამინისტროში საკადრო ცვლილებებია.

როგორც “ნეტგაზეთს” შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, კახეთსა და შიდა ქართლში სამხარეო პოლიციის უფროსებმა — ზურაბ ბერიკაშვილმა და მერაბ ბერძენიშვილმა — თანამდებობები საკუთარი განცხადების საფუძველზე დატოვეს. ზურაბ ბერიკაშვილი კახეთის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის პოსტზე კახაბერ მურადაშვილმა ჩაანაცვლა, რომელიც მანამდე გურიის სამხარეო პოლიციის უფროსი იყო. გურიაში კი სამცხე-ჯავახეთის პოლიციის დეპარტამენტიდან ლევან ხარაბაძე იქნა გადაყვანილი.

უწყებაში ამბობენ, რომ ეს ჩვეულებრივი საკადრო გადაადგილებაა და ჯერ ცნობილი არ არის, ვინ დაინიშნება დარჩენილ ვაკანტურ პოზიციებზე.

ინფორმაცია იმის შესახებ, რომ შსს მინისტრი ვახტანგ გომელაური პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას კადრების ჩანაცვლებას აპირებდა, მათ შორის, საკადრო ცვლილებები შეეხებოდა შს მინისტრის პირველ მოადგილე კახა საბანაძეს, თავდაპირველად “ფორმულამ” გაავრცელა. ტელეკომპანიის ცნობით, საკადრო ცვლილებები შეეხება თბილისის საპატრულო პოლიციის უფროს ვაჟა სირაძეს და სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო პოლიციის უფროს ავთანდილ გალდავას, რომელიც ზუგდიდში, “საქართველოს ბანკში” თავდასხმის აყვანილი მძევლების გათავისუფლების ოპერაციაში მონაწილეობდა, თუმცა შსს-ში აღნიშნულ ინფორმაციას არ ადასტურებენ.

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები