სიახლე
მელიას დაპატიმრებამ პოლიტიკური კრიზისი გააღრმავა — PACE-ს მომხსენებლები
ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის (PACE) თანამომხსენებლები საქართველოს მონიტორინგის საკითხებში ტიტუს კორლატეანი (რუმინეთი) და კლოდ კერნი (საფრანგეთი) თბილისში განვითარებული მოვლენების გამო შეშფოთებას გამოთქვამენ.

“მიუხედავად იმისა, რომ არავინ უნდა იდგეს კანონზე მაღლა, “ნაციონალური მოძრაობის” ოფისზე პოლიციის შტურმმა და ოპოზიციის ლიდერის ნიკა მელიას დაპატიმრებამ არაჯეროვნად გაამწვავა დაძაბულობა ოპოზიციასა და მმართველ უმრავლესობას შორის და ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი გააღრმავა. საქართველოს დემოკრატიულ განვითარებას თავშეკავება, დიალოგი და კომპრომისი ესაჭიროება და არა — ესკალაცია და დაპირისპირება”,
— განაცხადეს მათ.

PACE-ის მომხსენებლებმა მოუწოდეს ყველა პოლიტიკურ ძალას, თავი შეიკავონ ნებისმიერი ქმედებისაგან, რამაც შეიძლება მეტად გაამწვავოს დაძაბულობა. ამასთან, დაუბრუნდნენ მოლაპარაკებების მაგიდას, რათა მოძებნონ პოლიტიკური და ორმხრივად მისაღები გამოსავალი არსებული კრიზისის მოსაგვარებლად.

23 თებერვალს, ენმ-ის თავმჯდომარე ნიკა მელია ენმ-ის ოფისში სპეცოპერაციის შედეგად დააკავეს. მელიას დაკავებას კრიტიკული გამოხმაურება მოჰყვა დასავლელი პარტნიორებისგან, ასევე საქართველოში მოქმედი საელჩოებისგან, მათ შორის, ბრიტანეთის ელჩის განცხადებით, ის “შოკირებულია” მომხდარით, ხოლო აშშ-ის საელჩომ ღრმა შეშფოთება გამოთქვა.

თბილისის საქალაქო სასამართლომ ნიკა მელიას აღკვეთის ღონისძიების სახით 17 თებერვალს პატიმრობა შეუფარდა მას შემდეგ, რაც მელიამ პროტესტის ნიშნად უარი თქვა გირაოს გადახდაზე.

სასამართლოს გადაწყვეტილების შემდეგ მელია სხვა ოპოზიციონერ ლიდერებთან ერთად იმყოფებოდა „ნაციონალური მოძრაობის“ ცენტრალურ ოფისში. მელია აცხადებდა, რომ პოლიციას არ მისცემდა თავისი დაკავების საშუალებას, რადგან უკანონოდ მიიჩნევს როგორც წაყენებულ ბრალდებას, ასევე აღკვეთის ღონისძიების სახედ პატიმრობის შეფარდებას.

წყარო: ნეტგაზეთი
| Print |