2020-ის მაისამდე შემოყვანილ ავტომობილების განბაჟების ვადა 2021-ის ივნისამდე გადაიწევს
2019 წლის პირველი ოქტომბრიდან 2020 წლის პირველ მაისამდე შემოყვანილ სატრანსპორტო საშუალებებზე განბაჟების ვადა პირველ ივნისამდე გადაიწევს. ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა დღეს, 25 თებერვალს, განაცხადა.

მისივე თქმით, ავტომობილების მფლობელებს ასევე ჩამოეწერებათ საურავები.

“მოგეხსენებათ, რომ საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე 2019 წლის პირველი ოქტომბრიდან 2020 წლის პირველ მაისამდე შემოყვანილ სატრანსპორტო საშუალებებზე განბაჟების ვადა გადავადებული იყო ამა წლის პირველ მარტამდე. ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ აღნიშნული თარიღი გადავწიოთ პირველ ივნისამდე. ეს შეღავათი დაახლოებით ავტოსატრანსპორტო საშუალებების, დაახლოებით, 19 ათას მფლობელს შეეხება. მნიშვნელოვანია, რომ ამ მფლობელებს, ასევე, ჩამოეწერებათ საურავები. ვფიქრობ, ეს ხელს შეუწყობს სექტორის განვითარებას და პოსტპანდემიურ პერიოდში დაეხმარება აღნიშნულ სფეროს, რომ სწრაფად აღდგეს და დაუბრუნდეს იმ მაჩვენებლს, რაც ბოლო წლებში იყო”,
— განაცხადა ღარიბაშვილმა.

წყარო: ნეტგაზეთი
Print