"რამდენიმე დღის წინ სამხედრო კოლონამ ჩაიარა" [video]
გარდაბანში მომხდარი აფეთქების შესახებ, რომელსაც 14 წლის ბიჭი ემსხვერპლა, "ინფო რუსთავმა" დეტალები გაარკვია.

როგორც საინფორმაციო სააგენტოს ადგილობრივებმა განუცხადეს, 11 და 14 წლის ბიჭები ფერმიდან, სადაც მათი მამა მუშაობს, ბებიის სახლში მიდიოდნენ. მათ გზაზე ოთხკუთხედი ფორმის ნივთი იპოვეს და გზიდან მოშორებით მინდორში მისი დაშლა დაიწყეს.
მოწყობილობის დაშლის დროს აფეთქება მოხდა და არასრულწლოვნები დაშავდნენ.

ადგილობრივების თქმით, რამდენიმე დღის წინ გზაზე სამხედრო კოლონამ ჩაიარა და შესაძლოა მოწყობილობა მათ დაუვარდათ.

დაშავებულები გარდაბნის "ჯეოჰოსპიტალის" კლინიკაში გადაიყვანეს. 14 წლის ბიჭს სიცოცხლისთვის შეუთავსებელი დაზიანებები აღენიშნებოდა და მისი გადარჩენა ვეღარ მოხერხდა. ხოლო 11 წლის ბიჭს მსუბუქი დაზიანებები ჰქონდა და ის კლინიკიდან უკვე გაწერეს.

მომხდარზე გამოძიება შინაგან საქმეთა სამინისტრომ სისხლის სამართლის კოდექსის 229-ე მუხლით დაიწყო, რაც აფეთქებას გულისხმობს.




წყარო: ინფო რუსთავი


Print