არ ვაპირებ არცერთ ფრაქციაში გაწევრიანებას – ბაქრაძე
პარლამენტის წევრი დავით ბაქრაძე აცხადებს, რომ ის არცერთ საპარლამენტო ფრაციას შეურთდება. ამის შესახებ ბაქრაძემ დღეს, 13 მაისს, პარლამენტში ჟურნალისტებს განუცხადა.

მისი თქმით, ის პარლამენტში მუშაობას დამოიკიდებელი დეპუტატის სტატუსით განაგრძობს და ოპოზიციის წევრებთან ითანამშრომლებს.

“როდესაც მე წამოვედი “ევროპული საქართველოდან, განვაცხადე, რომ პაუზას ვიღებდი პარტიული პოლიტიკიდან და არ ვაპირებდი ახლო მომავალში არცერთ პარტიაში გაწევრიანებას. მე ამ პოზიციას დღესაც ვიცავ და შესაბამისად, პარლამენტში არცერთ პარტიაში არ ვაპირებ გაწევრიანებას. ვიქნები მთლიან ოპოზიციურ ფლანგზე, მექნება თანამშრომლობა როგორც “ლელოსთან”, ასევე “სტრატეგია აღმაშენებელთან” და ყველა ოპოზიციონერ კოლეგასთან, რომელიც აქ არის, მაგრამ არ ვაპირებ არცერთ ფრაქციაში და პარტიაში გაწევრიანებას. გავაგრძელებ მუშაობას როგორც დამოუკიდებელი, უპარტიო პარლამენტის წევრი”, – განაცხადა ბაქრაძემ.

ამასთან, ბაქრაძის თქმით, ის საკუთარ კანდიდატურას არც საპარლამენტო კომიტეტების თავმჯდომარისა და დელეგაციის ხელმძღვანელის თანამდებობაზე არ დააყენებს, რომელიც შარლ მიშელის დოკუმენტით ოპოზციის კვოტით უნდა გადანაწილდეს.

წყარო: ნეტგაზეთი
Print