პოლიციამ თბილისში მომხდარი ყაჩაღობის ფაქტი გახსნა - დაკავებულია
სამი პირი.
შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის
ვაკე-საბურთალოს მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული
ოპერატიული და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1979 წელს
დაბადებული, წარსულში ყაჩაღობისთვის ნასამართლევი გ.მ. და 1986 წელს
დაბადებული გ.წ. ყაჩაღობის ბრალდებით დააკავეს.
დანაშაული 8-დან 12 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას
ითვალისწინებს.
პოლიციამ ასევე დააკავა 1987 წელს დაბადებული კ.გ., რომელმაც ყაჩაღური
თავდასხმის შედეგად მოპოვებული ოქროს ნივთები ქალაქ ქუთაისში, ოქროს
ნივთებით მოვაჭრე ერთ-ერთ ქალბატონზე გაასაღა. აგრეთვე, იგი
საცხოვრებელ ბინაში მართლსაწინააღმდეგოდ ინახავდა საბრძოლო
მასალას.
გამოძიებით დადგინდა, რომ მიმდინარე წლის 10 ივნისს, გ.მ. და გ.წ.
ყაჩაღურად თავს დაესხნენ თბილისში, ს. ჩიქოვანის ქუჩაზე მდებარე
ერთ-ერთი საცხოვრებელი სახლის მეპატრონეს და დანის მუქარით, 40 000
ლარის ღირებულების ოქროს ნივთები გასტაცეს.
სამართალდამცველებმა ყაჩაღობის შედეგად გატაცებული ნივთები
ნივთმტკიცებად ამოიღეს. ერთ-ერთი ბრალდებული კ.გ.-ის საცხოვრებელი
სახლის ჩხრეკისას კი ამოღებულია ცეცხლსასროლი იარაღისთვის განკუთვნილი
ვაზნები.
გამოძიება საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის და მე-3
ნაწილის „ბ“ და "გ" ქვეპუნქტებით, ასევე, 236-ე მუხლის მე-3 ნაწილით
მიმდინარეობს, რაც გულისხმობს დიდი ოდენობით ნივთის დაუფლების მიზნით,
ბინაში უკანონო შეღწევით, ჯგუფურად ჩადენილ ყაჩაღობას და საბრძოლო
მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვას.