სიახლე
ვისაც ეროვნული გამოცდების პერიოდში კორონავირუსი გამოუვლინდებათ, გამოცდის ჩაბარებას 2 კვირის შემდეგ შეძლებენ
დღევანდელ ბრიფინგზე განთლების მინისტრის მოადგილემ ნუნუ მიცკევიჩმა განაცხადა, რომ 1 ივლისს ტრადიციულად იწყება საგამოცდო პროცესი.

მისი განმარტებით, არსებული რეკომენდაციები გადაიხედა კოვიდ-19-ის პრევენციის მიზნით ქვეყანაში არსებული რეგულაციების შესაბამისად და შარშანდელი კარგი გამოცდილების შედეგად შემუშავდა ახალი მიდგომები.

ნუნუ მიცკევიჩის განცხადებით, გამოცდები 2021-ის მთავარი სიახლე იქნება ის, რომ საგამოცდო პროცესს არ გამოეთიშებიან ის აპლიკანტები, რომლებსაც გამოცდების მიმდინარეობისას ვირუსი დაუდასტურდებათ – პირებს, რომლებსაც საგამოცდო პერიოდში გამოუვლინდებათ კოვიდ-19, შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი საგანგებოდ შედგენილი ცხრილის მიხედვით გამოცდას შესაბამის საგანში ჩაუტარებს არაუადრეს 2 კვირისა. მნიშვნელოვანია, რომ გათვალისწინებული იქნება გეოგრაფიული დაფარვა.

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა სოფო გორგოძემ განმარტა, რომ გამოსაცდელებმა უნდა იხელმძღვანელონ დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრისა და შრომის ინსპექციის სამსახურის მიერ განსაზღვრული რეკომენდაციებით: • მაქსიმალურად დაიცვან სოციალური დისტანცია; • მუდმივად ეკეთოთ პირბადე, როგორც გამოცდებზე რეგისტრაციის დროს, ასევე გამოცდების მიმდინარეობისას; • დაიმუშავონ ხელები ადგილზე განთავსებული სადეზინფექციო ხსნარით;

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ეროვნული ცენტრის მიერ ასევე შემუშავდა: საგამოცდო ცენტრებიდან მიღებული ნამუშევრების უსაფრთხოდ დამუშავების, საგამოცდო ცენტრების დალაგების, სანიტარიული კვანძის/საპირფარეშოების დალაგება/დეზინფექციის, ცენტრის პერსონალის მუშაობის პირობები. რეკომენდაციები იხილეთ ჯანდაცვის სამინისტროს ოფიციალურ ვებგვერდზე.

სოფო გორგოძის თქმით, ცენტრი წელსაც მოაწყობს საკარანტინე სივრცეებს იმ გამოსაცდელებისათვის, რომელთაც აღენიშნებათ ტემპერატურა 37°С და მეტი, მაგრამ არ აქვთ დადასტურებული Covid 19.

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილის პაატა იმნაძის განმარტებით, გამოსაცდელთა და მეთვალყურეთა დაშვება მოხდება მხოლოდ ყოველი საგამოცდო სექტორის ფართობის 50%-ზე. თითოეული სამუშაო მაგიდა წინა მხრიდან აღჭურვილი იქნება გამჭვირვალე დამცავი ფარით/ბარიერით; მაგიდებს შორის დაშორება იქნება მინიმუმ 2 მეტრი, ერთმანეთის მიმდევრობით განლაგებულ მაგიდებს შორის მანძილი კი – 1 მეტრი. კონდიციონერები ირთვება 30° გრადუსზე მაღალი ტემპერატურის პირობებში. გარდა ამისა, პაატა იმნაძის თქმით, ქვეყანაში დაწესებული ზოგადი რეგულაციის შესაბამისად, პირბადის ტარების წესი გავრცელდება საგამოცდო პროცესში მონაწილე ყველა პირისთვის.

წყარო: პუბლიკა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები
დაიცავი დისტანცია