საქართველოში საშუალო ხელფასი 53 ლარით გაიზარდა
"საქსტატის" მონაცემებით, 2021 წლის I კვარტალში საქართველოში საშუალო თვიური ნომინალური ხელფასი გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 4.4%-ით (53.5 ლარით) გაიზარდა და 1 256.2 ლარი შეადგინა.

საქმიანობების სახეების მიხედვით შედარებით მაღალი ხელფასი დაფიქსირდა შემდეგ დარგებში: საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობები – 2 448.5 ლარი (წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით შემცირდა 5.7 პროცენტით); ინფორმაცია და კომუნიკაცია – 2 159.8 (გაიზარდა 14.4 პროცენტით); პროფესიული, სამეცნიერო და ტექნიკური საქმიანობები – 1 798.9 ლარი (გაიზარდა 0.2 პროცენტით); მშენებლობა – 1 664.5 ლარი (შემცირდა 2.3 პროცენტით).

აღსანიშნავია, რომ საქმიანობის სახეების მიხედვით კაცების ხელფასი თითქმის ყველა სექტორში აღემატებოდა ქალების ხელფასს. I კვარტალში ქალების საშუალო ხელფასი 1 022.9 ლარით, ხოლო კაცების - 1 473.4 ლარით განისაზღვრა. ხელფასების წლიურმა ზრდამ ქალებში 62.5 ლარი შეადგინა, ხოლო კაცებში - 49.5 ლარი.

I კვარტალში დაქირავებით დასაქმებულთა საშუალო ხელფასი ბიზნეს სექტორში 56.5 ლარით გაიზარდა და 1 283.5 ლარი შეადგინა. საქმიანობის სახეების მიხედვით ყველაზე მაღალი ხელფასი ხელოვნება, გართობა და დასვენების საქმიანობების (2 319.4 ლარი, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით გაიზარდა 30.5 პროცენტით), ასევე ინფორმაციის და კომუნიკაციის (2 204.0 ლარი, გაიზარდა 14.7 პროცენტით) დარგებში ფიქსირდება.

წყარო: ინფო რუსთავი
Print