ჩანაწერები მოდელირებული და გაყალბებულია — პროკურატურა ბერა-ღარიბაშვილის ჩანაწერზე
საქართველოს მთავარი პროკურატურა გამოძიების შედეგად ირწმუნება, რომ ბერა ივანიშვილსა და ირაკლი ღარიბაშვილს უსმენდნენ 2012 წლამდე, ასევე, მათი აუდიოჩანაწერები არის ფალსიფიცირებული იმგვარად, რომ შეცვლილია რეალური საუბრის შინაარსი და აწყობილია ათეულობით სხვადასხვა საუბრიდან.

საქმე ეხება ტვ “პირველის” ეთერში 2021 წლის მარტში გასულ აუდიოჩანაწერს, სადაც ისმის ბერას, ღარიბაშვილისა და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ამჟამინდელი უფროსის, ანზორ ჩუბინიძის საუბარი, სადაც ისინი განიხილავენ, თუ რა ფორმებით დასაჯონ ის ადამიანები, რომლებიც ბერას სოციალურ ქსელებში ცუდ კომენტარებს უწერენ.

პროკურატურა ადასტურებს, რომ ბერას დაცვის თანამშრომლები კომენტარის ავტორებს სახლებში ნამდვილად აკითხავდნენ, მაგრამ ასევე ირწმუნება, რომ მათი მხრიდან ძალადობა ან მუქარა არ ყოფილა.

როგორც პროკურატურა დღეს აცხადებს, ირაკლი ღარიბაშვილის, ბერა ივანიშვილის და ანზორ ჩუბინიძის კუთვნილ მობილური ტელეფონის ნომრებზე ფარული მიყურადება მიმდინარეობდა 2011 წლის ოქტომბრიდან 2012 წლის ოქტომბრამდე პერიოდში. კერძოდ, მათ მიმართ ფარული სატელეფონო მოსმენა რამდენიმე სისხლის სამართლის საქმეში, კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის ხელმძღვანელი თანამდებობის პირების დავალებითა და ორგანიზებით, 2011 წლის 4 ოქტომბერს დაიწყო, ანუ ბიძინა ივანიშვილის მიერ ოპოზიციური პოლიტიკური პარტიის შექმნისა და 2012 წლის საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობის თაობაზე საჯარო განცხადების გაკეთებამდე ერთი დღით ადრე.

ფარული სატელეფონო მიყურადება მიმდინარეობდა 13 სისხლის სამართლის საქმის ფარგლებში, კერძოდ: ნარკოტიკული საშუალების რეალიზაციის, ქურდული სამყაროს წევრობის, განზრახ მკვლელობის, ტერორიზმის, უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის, თაღლითობის და ამომრჩეველთა მოსყიდვის, ასევე, მსჯავრდადებულ პირთა ძებნის ფაქტებზე.

“ხსენებულ საქმეთა მასალების შესწავლით დგინდება, რომ ირაკლი ღარიბაშვილს, არასრულწლოვან ბერა ივანიშვილს და ანზორ ჩუბინიძეს არანაირი კავშირი და შემხებლობა საქმეებში მითითებულ ფაქტებთან არ ჰქონიათ. ფარული მიყურადების მასალებში მათი მობილური ტელეფონის ნომრების მფლობელებად მითითებული იყო გამოგონილი სახელებისა და მეტსახელების მქონე არაიდენტიფიცირებული პირები და ფარული მიყურადებისთვის საფუძვლები იქმნებოდა უკანონოდ, საპროცესო კანონმდებლობის უხეში დარღვევით.

მაგალითად, ირაკლი ღარიბაშვილის კუთვნილ სატელეფონო ნომერზე უკანონო მოსმენა ხორციელდებოდა გიორგი წულაიას, ირაკლი მჭედლიშვილის, ვინმე ბესოს სახელით, ბერა ივანიშვილის კუთვნილ სატელეფონო ნომერზე – გიორგი ფრუიძის, ვინმე გიგას, ვინმე სანდროს სახელით, ანზორ ჩუბინიძის კუთვნილ სატელეფონო ნომერზე – უშანგი ხაფავას, თორნიკე ყიფიანის, ვინმე ზურას სახელით და ა.შ.” ,— აცხადებენ პროკურატურაში.

პროკურატურის განცხადებით, ჩატარებული გამოძიებით დაადგინეს, რომ ბერა ივანიშვილის მუქარის ფაქტებზე მისი დაცვის თანამშრომლები მუქარის ავტორებს სახლში აკითხავდნენ, თუმცა ადგილზე მუქარა ან/და ძალადობა არ ყოფილა. როგორც პროკურატურა ირწმუნება, გამოძიების პროცესში დაჰკითხეს ყველა ის პირი, რომელთა იდენტიფიცირებაც შეძლეს „პირველის“ ეთერში გასული ჩანაწერების გამოყენებით, თუმცა შეხვედრის დროს დაცვის თანამშრომლებს დანაშაული არ ჩაუდენიათ.

“ჩატარებული გამოძიებით ასევე დადგინდა, რომ 2011 წლის ოქტომბერში, ოპოზიციური პოლიტიკური პარტიის შექმნისა და 2012 წელს დაგეგმილ საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობის მიღების თაობაზე საჯარო განცხადების გაკეთების შემდგომ, ბიძინა ივანიშვილის ოჯახის, მათ შორის, არასრულწლოვან ბერა ივანიშვილის მიმართ დაიწყო შავი პიარის მასიური კამპანია, რასაც თან ახლდა საჯარო სივრცეში, მათ შორის სოციალურ ქსელებში მუქარის შემცველი განცხადებების თუ შეტყობინებების გავრცელება. უსაფრთხოების მიზნით, მუქარის შემცველი შეტყობინებები დაცვის სამსახურს გადაეცემოდა, რომელსაც ანზორ ჩუბინიძე ხელმძღვანელობდა. დაცვის სამსახური ამოწმებდა, კონკრეტული ინფორმაცია იყო თუ არა რეალური საფრთხის შემცველი.

გამოძიების მსვლელობისას გამოიკითხა ყველა ის პირი, რომელთა იდენტიფიცირებაც გამოძიებამ შეძლო ტელეკომპანია „პირველის“ ეთერში გასული ჩანაწერების გამოყენებით.

დადგინდა, რომ 2011 წელს მუქარის შემცველი შეტყობინებების გადამოწმების მიზნით, ბერა ივანიშვილის დაცვის სამსახურის წარმომადგენლები შეტყობინების ავტორებს ორ შემთხვევაში შეხვდნენ და გაესაუბრნენ. შეხვედრა შედგა მუქარის შემცველი შეტყობინებების ავტორების საცხოვრებელ მისამართზე, მათივე მშობლების და მეზობლების თანდასწრებით. შეხვედრისას არანაირ ძალადობას, მუქარას, იძულებას ან სხვა დანაშაულის ნიშნებს ადგილი არ ჰქონია”, — აცხადებენ პროკურატურაში.

ამას გარდა, პროკურატურაში აცხადებენ, რომ ეთერში გასული ჩანაწერებში მონტაჟის შედეგად შეცვლილია შინაარსიც:

“მიღებული ექსპერტიზის დასკვნით ასევე დადგინდა, რომ 2021 წლის 06 მარტს ტელეკომპანია „პირველის“ ეთერში გასულ რეპორტაჟში არსებულ ყველა აუდიოჩანაწერს აღენიშნება რედაქტირების კვალი და აბსოლუტურად ყველა მათგანი მიღებულია მონტაჟის გზით. მონტაჟის მიზნით, სპეციალური პროგრამების გამოყენებით, მათზე დადებულია სხვადასხვა აუდიოჩანაწერიდან აღებული ფონი და რედაქტირების შემდეგ საბოლოოდ მიღებულია შეცვლილი შინაარსის მქონე აუდიოჩანაწერები.

ბუნებრივია, რომ სატელევიზიო სიუჟეტის მომზადებისას, სხვადასხვა მიზნით, გარკვეული აუდიო თუ ვიდეომასალა შესაძლოა დამზადდეს მონტაჟის გზით ისე, რომ არ იცვლებოდეს მისი რეალური შინაარსი. თუმცა, მოცემულ შემთხვევაში, აუდიოჩანაწერების მონტაჟის შედეგად, შერჩევითი ფიქსაციის გზით, მიღებულია შეცვლილი შინაარსის მქონე სიტყვები და წინადადებები. მონტაჟის პროცესში გამოყენებულია საუბრის მონაწილეთა მიერ სხვადასხვა დროსა და ვითარებაში წარმოთქმული წინადადებები, სიტყვები, ზოგ შემთხვევაში ბგერებიც კი. საერთო ჯამში, მონტაჟის ავტორთათვის სასურველი შინაარსის მქონე აუდიოჩანაწერების მისაღებად ჩანაწერებში მონტაჟის კვალი აღინიშნება 170 ადგილას”, — აცხადებს პროკურატურა.

საგამოძიებო უწყებისვე ინფორმაციით, მათ მიერ ჩატარებული ექსპერტიზით დასტურდება, რომ აუდიოჩანაწერებისთვის “მეტი სიმძაფრის შესაძენად და საუბრებში სავარაუდო დანაშაულის ნიშნების ხელოვნურად შესაქმნელად 21 ადგილას გამოყენებულია სხვა, უცნობ პირთა ხმები, რომლებიც არ ეკუთვნით ირაკლი ღარიბაშვილს, ბერა ივანიშვილს ან ანზორ ჩუბინიძეს.”

პროკურატურა ასევე აცხადებს, რომ მონტაჟის პროცესში, ამავდროულად, გამოყენებულია პროგრამული იმპულსები, რომლებიც მეტყველების ნაწილის გარჩევას შეუძლებელს ხდის, ზოგ შემთხვევაში კი ახდენს ბგერების დამახინჯება, მსგავსი მანიპულაციების ფონზე, მოსაუბრეთა მიერ რეალურად წარმოთქმული სიტყვებისგან მიღებულია დაინტერესებულ პირთათვის სასურველს მიმსგავსებული სიტყვები.

უწყებისვე ცნობით, მონტაჟის შედეგად, სასურველი შინაარსის მისაღებად გამოყენებულია მოსაუბრეთა მიერ სხვადასხვა დროს წარმოთქმული არა მხოლოდ წინადადებები და სიტყვები, არამედ ზოგ შემთხვევაში ბგერებიც კი.

პროკურატურა საუბრის ფალსიფიკაციის ნიმუშად ჩანაწერის ერთ-ერთ ეპიზოდს ასახელებს და აცხადებს:

“ერთ-ერთ ასეთ ფაქტს წარმოადგენს მოდელირების კონკრეტული მაგალითი, სადაც აუდიოჩანაწერების საჯაროდ გავრცელების შემდეგ, ირაკლი ღარიბაშვილის და ბერა ივანიშვილის საუბარში ნახსენებ სიტყვებზე დაყრდნობით – ,,დაგირეკავენ მინისტრები“, ვითარდებოდა მოსაზრება, რომ ჩანაწერები დამზადებული იყო 2012 წლის შემდგომ, ირაკლი ღარიბაშვილის მინისტრობის პერიოდში, რადგან გავრცელებული ჩანაწერის თანახმად თითქოსდა დიალოგისას ნახსენები იყო სიტყვა -მინისტრები.

ექსპერტიზის დასკვნით კი დგინდება, რომ აუდიოჩანაწერებში სიტყვა ,,მინისტრები“ საერთოდ ნახსენები არ არის, არამედ მონტაჟის ფონზე, ორი სიტყვის რედაქტირების შედეგად მიღებულია სიტყვები ,,მილი“ და ,,სტები“, ხოლო მათი შერჩევითი ფიქსაციის გზით მიღებულია მიმსგავსებული სიტყვა მილი-სტები”, — აცხადებს პროკურატურა.

საგამოძიებო ორგანო ასკვნის, რომ აუდიოჩანაწერებისთვის მეტი სიმძაფრის შესაძენად და საუბრებში სავარაუდო დანაშაულის ნიშნების ხელოვნურად შესაქმნელად, 21 ადგილას გამოყენებულია სხვა, უცნობ პირთა ხმები, რომლებიც არ ეკუთვნით ირაკლი ღარიბაშვილს, ბერა ივანიშვილს ან ანზორ ჩუბინიძეს.

ნეტგაზეთი მოგვიანებით შემოგთავაზებთ ტვ “პირველის” პოზიციას ჩანაწერების ფალსიფიკაციასთან დაკავშირებით.

წყარო: ნეტგაზეთი
Print