საბერძნეთში დააკავეს კაცი, რომელიც ამბობდა, რომ ცოლი ყაჩაღობისას მოუკლეს
საბერძნეთში 11 თვის ჩვილის თვალწინ მოკლული 20 წლის ქალის მკვლელობის საქმეზე გარდაცვლილის ქმარი, 32 წლის პილოტი დააკავეს.

ადგილობრივი მედიის ცნობით, კაცმა, რომელიც ცოლის მკვლელობას ყაჩაღობას უკავშირებდა, დანაშაული აღიარა და დაადასტურა, რომ ახალგაზრდა ქალის მკვლელობის შემდეგ ყაჩაღობის ინსცენირება მოაწყო. აქამდე, ადგილობრივ მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, ყაჩაღობასა და ცოლის მკვლელობაში საქართველოს მოქალაქეები მონაწილეობდნენ.

ათენის პოლიციის თქმით, კაცმა აღიარა, რომ ცოლი კამათის შემდეგ ბალიშით გაგუდა, რის შემდეგაც სახლში ყაჩაღობის ინსცენირება მოაწყო. კერძოდ, ჩაამტვრია ფანჯარა, საიდანაც მისი ვერსიის მიხედვით, მძარცველები სახლში შევიდოდნენ, მოკლა ძაღლი, თავი კი სკამზე მიიბა, რის შემდეგაც დახმარების თხოვნა დაიწყო.

ათენის პოლიციის თქმით, კაცის ჩვენებები არათანმიმდევრული იყო, რამაც სამართალდამცაებს ეჭვი გაუჩინა, თუმცა საბოლოოდ საქმეში ახალი მტკიცებულები გამოჩნდა, მათ შორის ქალის სმარტ საათიდან და სხვა ელექტრონული მოწყობილობებიდან ამოღებული ინფორმაცია. აღნიშნულის შემდეგ 32 წლის კაცი დააკავეს, რომელმაც ბრალი აღიარა.

წყარო: ნეტგაზეთი
Print