პროკურატურამ დმანისის რაიონის სოფელ განთიადში ორი პირის ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ფაქტზე დაკავებულს ბრალდება წარუდგინა
საქართველოს პროკურატურამ დმანისის რაიონის სოფელ განთიადში მომხდარი ორი პირის ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ფაქტზე დ.დ-ს ბრალდება წარუდგინა.

პროკურატურის ინფორმაციით, შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 21 სექტემბერს, დმანისის რაიონის სოფელ განთიადში, დმანისის მუნიციპალიტეტის მერობის კანდიდატის მოსახლეობასთან შეხვედრისას წარმოშობილი კონფლიქტის დროს, დ.დ.-მ დანის გამოყენებით, პოლიტიკური მოტივით, მ.ო-ს და შ.ს.-ს ჭრილობები მიაყენა, რის შედეგადაც დაზარალებულებმა ჯანმრთელობის მძიმე დაზიანება მიიღეს.

„სამართალდამცველებმა დ.დ. 2021 წლის 22 სექტემბერს დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლის მეშვიდე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (ორი პირის ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანება) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 9-დან 13- წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

პროკურატურა ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების შუამდგომლობით ბოლნისის რაიონულ სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს.
სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება გრძელდება“,
- აღნიშნულია პროკურატურის ინფორმაციაში.

წყარო: პირველი არხი
Print