გახარიამ კობახიძის განცხადებების გამოძიების მოთხოვნით პროკურატურას მიმართა
პარტიამ “საქართველოსთვის” გიორგი გახარიას მიერ ნარკოტიკების მოხმარებაზე “ქართული ოცნების” თავმჯდომარე ირაკლი კობახიძის განცხადებებზე გამოძიების მოთხოვნით პროკურატურას მიმართა.

გენერალური პროკურორის სახელზე განცხადება პარლამენტის წევრებმა ანა ბუჩუკურმა და მიხეილ დაუშვილმა შეიტანეს. წერილი ჩამოთვლის ირაკლი კობახიძის განცხადებებს ექს-პრემიერ გიორგი გახარიას მიერ კოკაინის მოხმარებაზე და მიუთითებს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 101-ე მუხლის 1-ელ ნაწილზე, რომლის თანახმადაც, დანაშაულის შესახებ ინფორმაცია, მათ შორის მედიაში გამოქვეყნებული, გამოძიების დაწყების საფუძძველია.

“ნარკოტიკების მოხმარება დანაშაულია. სისხლის სამართლის დანაშაულია, ასევე, ნარკოტიკების შეძენა და გასაღება. ზემიაღნიშნული განცახდებები მიუთითებს, რომ ირაკლი კობახიძემ ბოლო დღეების განმავლობაში არაერთხელ განაცხადა დანაშაულის შესახებ, რასაც შესაბამისი საგამოძიებო ორგანოების მხრიდან რეაგირება არ მოჰყოლია. მოვითხოვთ:

დაუყოვნებლივ დაიწყოს გამოძიება ირაკლი კობახიძის მიერ გაჟრერებულ დანაშაულსი შემცველ ინფორმაციაზე;
გამოკითხოთ ირაკლი კობახიძე; ჩაატაროთ დროული, სრულყოფილი და ობიექტური გამოძიება და დანაშაულის დაუდასტურებლობის შემთხვევაში, დააყენოთ ცრუ დასმენაზე ირაკლი კობახიძის პასუხისმგელობის საკითხი”,
— ნათქვამია წერილში.



“უკვე მერამდენე დღეა, გუნდს აბრალებენ ნარკოტიკებთან დაკავშირებულ მთელ რიგ დანაშაულებს. თან ამას აკეთებენ ე.წ. იურისტები, რომლებმაც კარგად იციან, რომ დანაშაულს გვაბრალებენ. დღეს ოფიციალურად მოვითხოვეთ პროკურატურისგან ნარკოტიკებთან დაკავშირებულ მთელ რიგ დანაშაულებზე გამოძიების დაწყება, სწრაფი, სრულყოფილი და რაც მთავარია, გამჭვირვალე გამოძიების ჩატარება, ბრალდებების ავტორების დაუყოვნებლივ გამოკითხვა და დანაშაულის დაუდასტურებლობის შემთხვევაში, ცრუ დასმენაზე მათი სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის საკითხის დაყენება. რა უნდა გააკეთოს ამ დროს უწყებამ, რომელსაც ელემენტარული პროფესიული თავმოყვარეობა გააჩნია და დამოუკიდებლობაზე აქვს პრეტენზია? გამოძიება უნდა დაიწყოს”, — აცხადებს დეპუტატი ნათია მეზვრიშვილი.

პარტიამ “საქართველოსთვის” ირაკლი კობახიძის განცხადებებთან დაკავშირებით, გამოძიების მოთხოვნით პროკურატურას მეორედ მიმართა. პირველი შეეხებოდა “ქართული ოცნების” თავმჯდომარის მიერ გამოთქმულ ეჭვებს, რომ გიორგი გახარია, ყოფილ პრეზიდენტ სააკაშვილთან ერთად, სახელმწიფოს წინააღმდეგ შეთქმულებაში მონაწილეობდა.

“3 თვის წინ მოვითხოვეთ გამოძიების დაწყება და დღემდე პროკურატურისგან პასუხი არ არის. დამოუკიდებელმა უწყებამ თვალი დახუჭა შესაძლო დანაშაულზე და დაკმაყოფილდა პარტიის განცხადებებით, რომ თითქოსდა ბრალდებები პოლიტიკური განზომილება იყო”,
— განმარტავს ნათია მეზვრიშვილი.

მიუხედავად იმისა, რომ თბილისის მერობის კანდიდატებს კანონმდებლობა ნარკოლოგიური შემოწმების გავლას არ ავალდებულებს, დედაქალაქის ამჟამინდელმა მერმა და “ქართული ოცნების” მერობის კანდიდატმა, კახა კალაძემ 4 სექტემბერს განაცხადა, რომ ნარკოლოგიური შემოწმების ჩატარებას გეგმავდა და მერობის სხვა კანდიდატებსაც იგივესკენ მოუწოდა.

თავდაპირველად კალაძემ განმარტა, რომ მისი ეს გადაწყვეტილება და მოწოდება მხოლოდ ჯანსაღი ცხოვრების წესის პროპაგანდას ემსახურებოდა, თუმცა მოგვიანებით “ქართული ოცნების” წარმომადგენლებმა ფოკუსი დაავიწროვეს და ის ყოფილ პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიასკენ მიმართეს.

სასამართლო ექსპერტიზის ბიუროს ნარკოლოგიური ექსპერტიზის სამმართველოს უფროსმა, გური მენაბდიშვილმა განაცხადა, რომ საჯარო სამსახურში დასაქმებულისთვის (თუმცა არა მერობის კანდიდატებისთვის) კანონმდებლობით საჭიროა ხუთ ნარკოტიკულ საშუალებაზე ტესტირება, თუმცა კახა კალაძემ დამატებით კიდევ სამ ნარკოტიკულ საშუალებაზე, მათ შორის, კოკაინზე ტესტირება მოითხოვა.

“კახამ ხომ ჩააბარა ტესტი კოკაინზე, ახლა მაინტერესებს დებატების ტესტს როგორ ჩააბარებს”, – ამ კონტექსტში ახსენა გახარიამ კოკაინი.

16 სექტემბერს კი „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ საზოგადოებრივი მაუწყებლის გადაცემა „დღის თემაში“ თქვა, რომ მათი ინფორმაციით, გიორგი გახარია ნარკოდამოკიდებულია და მას “კოკაინშიკი” უწოდა.

“ჯობია სხვა თემებზე ვისაუბროთ, ნაცვლად იმისა, რომ ვიღაც “კოკაინშიკზე” დავხარჯოთ 15 წუთი”, – განაცხადა კობახიძემ.

ირაკლი კობახიძის მტკიცებით, გახარიას ნარკოტიკებთან დაკავშირებით პრობლემა თანამდებობის დატოვების შემდეგ შეექმნა.

პარტია „საქართველოსთვის“ ლიდერმა ვენის ჰოსპიტალ RUDOLFINERHAUS-ში ჩატარებული ნარკოლოგიური შემოწმების პასუხი გამოაქვეყნა, რომლის მიხედვითაც სისხლისა და შარდის ანალიზის შედეგად, ამ ორ ნიმუშში არ აღმოჩნდა ნარკოტიკი.

აღნიშნულზე ირაკლი კობახიძემ თქვა, რომ გიორგი გახარაიამ ნარკოტესტი “ევროპაში იმ ერთადერთ კლინიკაში გაიკეთა, რომელსაც პოლიტიკური სკანდალი უკავშირდება და რომლის მთავარი ექიმი გადადგა მას შემდეგ, რაც მენეჯმენტი იუშენკოს კვლევის გაყალბებას სთხოვდა.

“ბანკებით სირბილს ურჩევნია მას, რომ შეეშვას კოკაინს, ეს არის მნიშვნელოვანი მისი ჯანმრთელობისთვის”, — თქვა კობახიძემ გახარიასთან დაკავშირებით.

წყარო: ნეტგაზეთი
Print