არჩევნებზე საქართველოს მასშტაბით ყველაზე მეტი პრობლემა მარნეულში იყო - „საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო“
„საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო“ მარნეულში ორი საარჩევნო უბნის ბათილად ცნობას ითხოვს და აცხადებს, რომ საქართველოს მასშტაბით არჩევნების დროს მარნეულში ყველაზე მეტი პრობლემა იყო.

რადიო „მარნეულთან“ საუბრისას „საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს“ იურისტი გიგი ჩიხლაძე აცხადებს, რომ ყველაზე მძიმე დარღვევები მარნეულის ოლქში ფიქსირდებოდა და ორგანიზაციის დამკვირვებლებს საკუთარი მოვალეობის შესრულებაშიც ხელი ყველაზე მეტად მარნეულის ოლქში ეშლებოდათ.

„მარნეულის ორი უბნის ბათილობას ვითხოვთ საოლქო კომისიაში, თუმცა იმასაც ვიტყვი რომ საოლქო კომისიაში სხდომების ნაწილი გუშინ ჩატარდა და მიგვაჩნია, რომ მათი პასუხი ჩვენს საჩივრებზე არაა ადეკვატური. ისინი არ აღიარებენ იმ პრობლემებს, თვალს ხუჭავენ მტკიცებულებებზე, სათანადოდ არ განიხილავენ საჩივრებს, საჩივრებში მოყვანილ არგუმენტაციას და მტკიცებულებეს. უფრო დეტალურად თუ ვიტყვი, ძირითადი პრობლემები ჩვენ გვქონდა ორ უბანზე, შესაძლოა უფრო მეტ უბანზე ყოფილიყო პრობლემები, მაგრამ ჩვენ სხვაგან დამკვირვებელი არ გვყოლია. ეს იყო მეშვიდე და მეცამეტე უბნები მარნუელის, ბევრი პრობლემა იყო, მაგრამ მთავარი პრობლემა ამ უბნებზე იყო ის, რომ ადამიანები ერთზე მეტჯერ აძლევდნენ ხმას. რიგ შემთხვევაში ყოველგვარი კონტროლის გარეშე შემოდიოდნენ ადამიანები და რამდენჯერმე აძლევდნენ ხმას, რაც ჩვენმა დამკვირვებელმა დააფიქსირა“

გიგი ჩიხლაძის განმარტებით, „საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს“ დამკვირვებლებს არჩევნების დღეს უბნებზე მუშაობა ურთულდებოდათ რადგან კომისიის წევრები მათ მიმართ მტრულად იყვნენ განწყობილი. მეშვიდე და მეცამეტე უბანზე ორგანიზაციის წარმომადგენლებმა სამართალდამცავი უწყებებიც გამოიძახეს და რამდენიმე კომისიის წევრის მიმართ დისციპლინური პასუხისმგებლობის საკითხიც დააყენეს, მაგრამ როგორც ჩიხლაძე ამბობს, არ აქვს მოლოდინი, რომ მათი საჩივრები დაკმაყოფილდება.

„მეშვიდე უბნის საჩივარი საოლქომ უკვე განიხილა და არ დააკმაყოფილა, მიუხედავად მტკიცებულებებისა. სამწუხაროდ სხვა საჩივრებსაც ის საოლქო განიხილავს, რომელმაც მეშვიდე უბანი განიხილა და ამის გათვალისწინებით, ასევე წინა წლების გამოცდილება სრულიად არ გვაძლევს ოპტიმიზმის საფუძველს და ამიტომ ცხადია მოლოდინი გვაქვს, რომ კვლავ არასათანადოდ მოხდება ჩვენი საჩივრის განხილვა და ველით რომ არ დაკმაყოფილდება“.

„საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო“ მანრეულის საოლქო საარჩევნო კომისიის მიერ მათი მოთხოვნების დაუკმაყოფილებლობის შემთხვევაში გადაწყვეტილების სასამართლოში გასაჩივრებას აპირებს.

ორგანიზაციის იურისტის განმარტებით, ხშირ შემთხვევაში საარჩევნო კომისიის წევრები მათ დამკვირვებლებს დარღვევების დაფიქსირებაში ხელს უშლიდნენ და მათ მიმართ აგრესიულად იყვნენ განწყობილი. არ აძლევდნენ ფოტო/ვიდეო გადაღების შესაძლებლობას და საჩივრების წიგნში განცხადებების შეტანას.

Print