უნდა მოვემზადოთ წინასაარჩევნოდ დიდი აქციებისთვის – სააკაშვილი
“ერთიანი ნაციონალური მოძრაობა” ავრცელებს მიხეილ სააკაშვილის წერილს, რომელშიც ეს უკანასკნელი დასძენს, რომ მეორე ტურებში ოპოზიციის გამარჯვება აუცილებელია “როგორც ქვეყნისთვის, ასევე ჩემი გათავისუფლებისთვის”. ის ასევე აჟღერებს მოწოდებას აქციებისკენ.

“ახლა ყველგან, სადაც არის მეორე ტური და ეს არის ყველა დასახლებული პუნქტი, უნდა ვიყოთ შეტევაზე და გავაუნებელყოთ ივანიშვილის ყველა ხრიკი და გეგმა.

სრულ მხარდაჭერას ვუცხადებ პარტიის თავმჯდომარეს ნიკა მელიას და ყველა ჩვენ პირველ ტურში გამარჯვებულ კანდიდატს”, —
დასძენს საპატიმროში მყოფი სააკაშვილი.

მისი თქმით, ოპოზიციამ უნდა გაიმარჯვოს არამხოლოდ მერების, არამედ მაჟორიტარების არჩევნების მეორე ტურებში:

“უმნიშვნელოვანესია ხმების გადათვლა, ვინაიდან ,,ოცნება” თითქმის ყველგან კარგავს უმრავლესობას.

ამიტომ, მიუხედავად უთანასწორობისა, უნდა გამოვიყენოთ და ამოვწუროთ ყველა სამართლებრივი საშუალება.

ასევე, უნდა მოვემზადოთ წინასაარჩევნოდ დიდი აქციებისთვის”.

მესამე პრეზიდენტი დასძენს, რომ მას “ყველანაირად” უზღუდავენ “გარე კონტაქტს” და სასამართლოც არ ჩაუნიშნავთ გასული დღეების მანძილზე.

“ელოდებიან, სანამ შიმშილობა ისე დამასუსტებს, რომ ვერ შევძლო სასამართლოზე მისვლა”, — ამბობს სააკაშვილი.

სააკაშვილის თქმით, “ბევრ ადამიანს სურს სოლიდარობა — შიმშილობის გამოცხადება”, რის საპასუხოდაც მესამე პრეზიდენტი დასძენს, რომ მისი შიმშილობა “სავსებით საკმარისია”:

“მე მას[შიმშილობას] არ შევწყვეტ, ვინაიდან აქ ჩემი ბრძოლის ფორმები შეზღუდულია. ვინც გარეთ ხართ, პირიქით უნდა იყოთ კარგ, ფიზიკურ და მორალურ ფორმაში გადამწყვეტი ბრძოლისთვის!”

მიხეილ სააკაშვილი თბილისში პირველ ოქტომბერს დააკავეს. ის რუსთავის პენიტენციურ დაწესებულებაში იხდის სასჯელს.

პარტიის “კანონი და სამართალი” ლიდერმა თაკო ჩარკვიანმა მესამე პრეზიდენტის მხარდამჭერი აქციები 10 და 14 ოქტომბრისთვის დააანონსა თბილისში. “მასშტაბურ აქციას” აანონსებს ენმ-ც, თუმცა თარიღს, ჯერჯერობით, არ აკონკრეტებს.

წყარო: batumelebi.netgazeti.ge
Print