კორპუსის ჩამონგრევის საქმეზე სასამართლო პროცესი დაიწყო – „გამოვკითხეთ მერიის თანამშრომლებიც“
ბათუმში, 26 მაისის ქუჩაზე, „კორპუსის ჩამონგრევის საქმეზე“ აღკვეთი ღონისძიების შეფარდების პროცესი მოსამართლე თამარ ბეჟანიშვილმა დაიწყო.

პროკურატურა სამივე ბრალდებულისთვის პატიმრობის შეფარდებას ითხოვს, ადვოკატი კი მიიჩნევს, რომ ეს მოთხოვნა უსაფუძვლოა, ვიდრე კონკრეტული ექსპერტიზის დასკვნით არ დადგინდება: რამ გამოიწვია სადარბაზოს ჩამოშლა.

მოსამართლის გადაწყვეტილებით, დღევანდელ სასამართლო პროცესზე მხოლოდ საზოგადოებრივი მაუწყებელი დაუშვეს.

„საქმეში არ არსებობს ექსპერტიზის დასკვნა, რითაც დადგინდებოდა ამ სახლის ნგრევის მიზეზი იყო თუ არა უშუალოდ ზაურ ბუდაგოვის საცხოვრებელ ფართობში მიმდინარე სარემონტო სამუშაოები, ეს არ არის დადგენილი. პროკურორმა თვითონ მიიჩნია, რომ ბუდაგოვმა დაშალა საცხოვრებელი სახლი… ზაურ ბუდაგოვის პოზიცია რომც იყოს, რომ მე დავანგრიე ეს სახლი, არც უნდა იქნას გაზიარებული იმიტომ, რომ სახლის ნგრევის მიზეზი მხოლოდ და მხოლოდ შეიძლება დადგინდეს საინჟინრო ექსპერტიზის მეშვეობით,“
– გვითხრა ბრალდებულ ზაურ ბუდაგოვის ადვოკატმა რამინ პაპიძემ სასამართლო პროცესის დაწყებამდე.

ექსპერტიზის დასკვნა რომ ჯერ არ არსებობს, ამას საქმის პროკურორი, ალექსანდრე ძირკვაძეც ადასტურებს.

„გამოკითხულია ექსპერტები, ინჟინრები, რომლებიც საუბრობენ მომხდარი მიზეზების შესახებ. რაც შეეხება ექპერტიზის დასკვნას, საქმის მოცულობიდან და სირთულიდან გამომდინარე, ამ ეტაპზე ექსპერტიზის დასკვნა არ არის, მაგრამ ის, რომ ბრალდებულებმა თვითნებურად, სახელმწიფოსგან ყოველგვარი ნებართვის გარეშე განახორციელეს, როგორც მზიდი, ასევე არამზიდი კედლების მოშლა, ეს დასტურდება, როგორც ბრალდებულთა გამოკითხვის ოქმებით, ასევე მეზობლების ჩვენებებით. ისინი ადასტურებენ, რომ პირველ სართულზე ბინაში სრულიად იყო მოშლილი კედლები,“ – ამბობს პროკურორი ალექსანდრე ძირკვაძე.

პროცესის დაწყებამდე ადვოკატმა დეზინფორმაცია უწოდა კორპუსის სარდაფში სარემონტო სამუშაოების შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას. რამინ პაპიძის მტკიცებით, შიდა კედლების დემონტაჟი მხოლოდ საცხოვრებელი კორპუსის პირველ სართულზე მიმდინარეობდა. ადვოკატმა ჟურნალისტებთან ყურადღება გაამახვილა იმაზეც, რომ ამ მშენებლების პროექტი ავტორი იქვე ცხოვრობს, თუმცა ამ ეტაპზე დეტალებზე საუბარი არ სურს.

„ეს კედლები მზიდი იყო თუ არ იყო, მოწმეების ჩვენებებით ეს ვერ დადგინდება. ეს უნდა შეისწავლოს ექსპერტმა,“
- დასძინა ადვოკატმა რამინ პაპიძემ.

პროკურორის ვერსიით, 8 ოქტომბერს სახლის ჩამონგრევამდე ბრალდებულებმა კორპუსის კედლების გამაგრება სცადეს და შემდეგ დატოვეს ადგილი.

„დილის საათებში 8 ოქტომბერს ბრალდებულები მივიდნენ აღნიშნულ ფართობში სამუშაოების გასაგრძელებლად. მათ შენიშნეს, რომ კედლებს ჰქონდა მოძრაობა დაწყებული, სცადეს კედლების გამაგრება რკინის კონსტრუქციებით, თუმცა შემდეგ დატოვეს შემთხვევის ადგილი…“ – გვითხრა ალექსანდრე ძირკვაძემ.

უნდა დადგეს თუ არა საჯარო მოხელეების და თანამდებობის პირების პასუხისმგებლობის საკითხი, რომლებმაც უნებართვო მშენებლობის შეჩერება არ სცადეს? – ჰკითხა „ბათუმელებმა“ პროკურორ ალექსანდრე ძირკვაძეს.

„სისხლის სამართლის საქმეზე გამოკითხულია მერიის წარმომადგენლები… თუკი გამოიკვეთება სხვა პირების ბრალეულობის საკითხი, პროკურატურას ექნება ამ შემთხვევაშიც უმკაცრესი გადაწყვეტილება. ამ ეტაპზე დადგენილი ინფორმაციით, აღნიშნულ ფართობში სამუშაოებთან დაკავშირებით განცხადება და საჩივრები, ასევე ცხელ ხაზზე შეტყობინება არ ყოფილა. ეს მოცემულობა გვაქვს ამ ეტაპზე,“ – გვიპასუხა ალექსანდრე ძირკვაძემ.

დაკავებულებს ბრალი წარედგინათ სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლის მეორე ნაწილით, რაც გულისხმობს სამშენებლო სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევას, რამაც ადამიანების სიცოცხლის მოსპობა და მძიმე შედეგი გამოიწვია.

წყარო: batumelebi.netgazeti.ge
Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
დაიცავი დისტანცია