ბათუმში, კორპუსის ჩამონგრევის საქმეზე დაკავებულებს პატიმრობა შეეფარდათ
ბათუმის საქალაქო სასამართლომ კორპუსის ჩამონგრევის საქმეზე დაკავებულ სამივე პირს აღკვეთის სახით პატიმრობა შეუფარდა. გადაწყვეტილება მოსამართლე თამარ ბეჟანეიშვილმა რამდენიმე წუთის წინ მიიღო.

დაკავებულები არიან კორპუსის პირველ სართულზე ერთ-ერთი ბინის მეპატრონე და 2 მუშა, რომელიც სამუშაოებს აწარმოებდა.

ადვოკატები პროკურატურის პოზიციას არ ეთანხმებოდნენ და აცხადებნენ, რომ ექსპერტიზის დასკვნამდე დაკავებულებისთვის პატიმრობა არ უნდა შეეფარდებინათ, თუმცა მოსამართლემ მათი პოზიცია არ გაიზიარა.

ამასთან, ადვოკატების ინფორმაციით, მუშები, რომლებიც ბინაში მუშაობდნენ, უარყოფენ, რომ საყრდენ კედელთან შეხება ჰქონდათ.

საქმის პროკურორის განცხადებით კი არსებობს მტკიცებულებები, მეზობლების ჩვენებები და ექსპერტების დასკვნა, რომ ბრალდებულებს დანაშაული მიუძღვით.

სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევის და სხვისი ნივთის დაზიანების ან განადგურების ფაქტებზე, რომელსაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა და მძიმე შედეგი მოჰყვა, გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლის მე-2 ნაწილით და 187-ე მუხლის მე-3 ნაწილით მიმდინარეობს.

წყარო: report.ge
Print