აზერბაიჯანის სასაზღვრო სამსახური განცხადებას ავრცელებს
"მიუხედავად იმისა, რომ აზერბაიჯანელ და ირანელ მესაზღვრეებს შორის რეგულარულად ტარდება სამუშაო შეხვედრები და ინფორმაციის გაცვლა სხვადასხვა დონეზე, ჯერჯერობით აზერბაიჯანულ მხარეს არ მიეწოდება რაიმე ინფორმაცია და ფაქტი ინტერვიუში გამოთქმულ განცხადებებთან დაკავშირებით", - ამის შესახებ აზერბაიჯანის სახელმწიფო სასაზღვრო სამსახურის პრესცენტრში განაცხადეს ირანის დისციპლინური ძალების სასაზღვრო ჯარების მეთაურის, გენერალ-მაიორ ალი გუდარზის ინტერვიუსთან დაკავშირებით, რომელიც ირანულ მედიაში გამოქვეყნდა.

აღინიშნა, რომ ამჟამად ირანთან სახელმწიფო საზღვარზე ოპერატიული მდგომარეობა სტაბილურია და აზერბაიჯანის სასაზღვრო ორგანოების სრული კონტროლის ქვეშაა.

”ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, ჩვენ ირანის ოფიციალური პირებს ვურჩევთ, იყვნენ უფრო პასუხისმგებელნი და მოვუწოდებთ მათ, თავი აარიდონ ცრუ და ცილისმწამებლური ინფორმაციის გავრცელებას”, - ნათქვამია განცხადებაში.

წყარო: report.ge
Print