უცხოეთის მოქალაქის მკვლელობის ფაქტთან დაკავშირებით გორში 5 პირი დააკავეს
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, 1993 წელს დაბადებული უცხოეთის მოქალაქის, ტ.კ.-ს განზრახ მკვლელობის ფაქტთან დაკავშირებით 5 პირი დააკავეს. ოთხ მათგანს ბრალად ედება დამამძიმებელ გარემოებაში ჯგუფურად ჩადენილი განზრახ მკვლელობა, ერთი მათგანი კი განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობის ბრალდებით არის დაკავებული.

“გამოძიებით დადგინდა, რომ მიმდინარე წლის 7 ოქტომბერს, ბრალდებულები ქალაქ გორში მდებარე ერთ-ერთ მიწისქვეშა გადასასვლელში ალკოჰოლურ სასმელს სვამდნენ, მათ უცხო ქვეყნის მოქალაქე – 1993 წელს დაბადებულ ტ.კ.- ც შეუერთდა. ბრალდებულებმა მოგვიანებით, ტ.კ.-სთან ერთად გორში მდებარე ერთ-ერთ ბარში გადაინაცვლეს და ალკოჰოლის მიღება განაგრძეს, რა დროსაც ამჟამად ბრალდებულის სახით დაკავებულ პირებსა და ტ.კ.-ს შორის სიტყვიერი შელაპარაკება მოხდა. აღნიშნული დაპირისპირების შემდგომ, კონფლიქტში მონაწილე პირები გორში, მტკვრის მიმდებარე ტერიტორიაზე მივიდნენ, სადაც ზ.ფ.-მ გ.ო.-მ გ.ქ.-მ და გ.ბ. -მ ტ.კ. -ს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს და უგონო მდგომარეობაში მყოფი ტ.კ. დანაშაულის დაფარვის მიზნით მტკვარში გადააგდეს. ჩადენილი დანაშაულის შემდგომ ბრალდებულები შემთხვევის ადგილიდან მიიმალნენ.

გამოძიებით ასევე დადგინდა, რომ დაკავებულების დანაშაულებრივი ქმედების შესახებ ინფორმაციას ფლობდა ბრალდებულის სახით დაკავებული ვ.ო., თუმცა მან ამის შესახებ სამართალდამცველებს არ შეატყობინა”, – ნათქვამია შსს-ს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

სამინისტროს ცნობით, უცხოეთის მოქალაქის ცხედარი მდინარე მტკვარმა 8 ოქტომბერს გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვახვრელის მიმდებარე ტერიტორიაზე გამორიყა.

დამამძიმებელ გარემოებაში ჯგუფურად ჩადენილ განზრახ მკვლელობის ბრალდებით დაკავებულები არიან: 2002 წელს დაბადებულ ზ.ფ., 2004 წელს დაბადებულ გ.ო., 2001 წელს დაბადებულ გ.ქ. და 1993 წელს დაბადებულ გ.ბ. დანაშაული 13-დან 17 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ხოლო განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობის ფაქტზე დაკავებულია 1997 წელს დაბადებული ვ.ო., რაც 3-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები