ადამიანებს, რომლებსაც კორონავირუსი და გრიპი ერთდროულად დაემართებათ,
ორჯერ ეზრდებათ გარდაცვალების ალბათობა მათთან შედარებიც, ვინც მხოლოდ
კორონავირუსით დაინფიცირდებიან.
ამის შესახებ The Guardian-თან ბრიტანეთის ჯანდაცვის უსაფრთხოების
სააგენტოს ხელმძღვანელმა ჯენი ჰარისმა განაცხადა.
სამედიცინო სფეროს ექსპერტის თქმით, ზამთარში კორონავირუსი და გრიპი
ერთდროულად იცირკულირებს და მოსახლეობას ორივე ინფექციის
საწინააღმდეგო ვაქცინის გაკეთებისკენ მოუწოდებს.
ჯენი ჰარისის თქმით, გრიპი ყოველ წელს სახიფათო ვირუსული ინფექციაა,
თუმცა მოსახლეობა მას ფატალურ დაავადებად არ აღიქვამს. ამ ზამთარს კი
დიდია რისკი, ადამიანები როგორც კოვიდით, ასევე გრიპით ერთდროულად
დაავადდნენ. ჰარისის განცხადებით, ადრეული კვლევები აჩვენებს, რომ თუ
ადამიანს ორივე ვირუსი ერთდროულად შეეყრება, ორჯერ იზრდება ფატალური
გამოსავლის ალბათობა.
ბრიტანეთის ჯანდაცვის უსაფრთხოების სააგენტოს ხელმძღვანელის თქმით,
ქვეყანაში, საშუალოდ, ყოველწლიურად გრიპით 11 000 ადამიანი
იღუპება.
მისი თქმით, გრიპის ვირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა წელს ოთხი ვირუსის
ოთხი შტამის წინააღმდეგაა მიმართული:
“მნიშვნელოვანია ავიცრათ როგორც გრიპის, ასევე კორონავირუსის ვაქცინით
თუმცა ამასთან, მნიშვნელოვანია, გავაგრძელოთ ჰიგიენის დაცვა და ყველა
ის ზომა, რომელიც პანდემიის პირობებში თავდაცვისთვისაა
საჭირო,” — აცხადებს ჰარისი.
როგორც გარდიანი წერს, ბრიტანეთში გრიპის ვაქცინით 35 მილიონი
ადამიანის აცრა იგეგმება, აქედან 30 მილიონი ადამიანისთვის ვაქცინა
უფასო იქნება. მათ შორის არიან ჯანდაცვის მუშაკები, ადამიანები 50
წელს ზემოთ და სკოლის მოსწავლეები 11 წლამდე. ამასთან, ორსული ქალები
და პირები, რომლებსაც ჰოსპიტალიზება სჭირდებათ.