რას ფიქრობენ მარნეულელი პოლიტიკოსები სააკაშვილის შიმშილობაზე
უკვე მეათე დღა საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი, პენიტენციურ დაწესებულებაში სამარტოო საკანში იმყოფება და დაკავების პირველივე დღიდან შიმშილობს. სააკაშვილის განთავისუფლების მოთხოვნით, პარტია „ნაციონალური მოძრაობის“ წევრები და მხარდამჭრები რუსთავის ციხესთან აქციებს ყოველდღიურად მართავენ. მარნეულში „ენმ“-ს ერთ-ერთი ლიდერი, ლაშა ქველაძე, რომელიც პატიმრობიდან რამდენიმე დღეა გირაოთი გაანთავისუფლეს, ამბობს რომ, მესამე პრეზიდენტის მხარდასაჭერად, რუსთავის ციხესთან ყოველდღე იკრიბებიან. ქველაძის თქმით, 14ოქტომბერს დაანონსებულ აქციას, მარნეულიდანანაც შეუერთდებიან. ამბობს, რომ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია, მისი დაპატიმრება კი პუტინის ოცნება იყო, რომელიც ოლიგარქმა ივანიშვილმა აუსრულა.

,, ბატონი მიხეილ სააკაშვილის დაკავება, პუტინის ოცნება იყო და ივანიშვილმა, რუსმა ოლიგარქმა აუსრულა ეს ოცნება. მისი პატიმრობა, რა თქმა უნდა, საქართველოზე აისახება ცუდად,რადგან სააკაშვილს ბევრი კარგი აქვს გაკეთებული ჩვენი ქვეყნისთვის, ბევრი ადამიანი გამოვა და მოითხოვს მის თავისუფლებას. მარნეულიდან, რა თქმა უნდა, წავალთ ბევრი, სააკაშვილი აცხადებს, რომ გაუძლებს ყველაფერს. მთავარია, ფარ-ხმალი არ დავყაროთ “-, ამბობს ქველაძე.

მიხელ სააკაშვილის განთავისუფლებას მმართველ გუნდში არც განიხილავენ. საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის განმარტებით მესამე პრეზიდენტს ციხეში ყოფნა 6 წლის განმავლობაში მოუწევს. „ქართული ოცნების“ ლიდერებისგან განსხვავებით, პარტიის მარნეულის ოფისში კომენტარს არ აკეთებენ. შტაბის უფროსი, ამირან გიორგაძე გვეუბნება, რომ დამატებით არაფრის თქმა შეუძლია.

,, მე ვერ გავაკეთებ კომენტარს, ჩვენი პარტიის ლიდერები მაგ საკითხზე აკეთებენ კომენტარებს, მე ვერაფერს დავამატებ“, - გვითხრა გიორგაძემ.

10 ოქტომბერს მიხეილ სააკაშვილის ექიმმა განაცხადა, რომ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა პროტესტის უკიდურესი ფორმის, შიმშილობის გამო გაუარესდა. თუმცა პენიტენციური დაწესებულებაში, დღეს, 11 ოქტომბერს განმარტავენ, რომ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.
Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები