დიდი ბრიტანეთის მოქალაქის მკვლელობის საქმეზე პროკურატურამ 5 პირს ბრალი წარუდგინა
საქართველოს პროკურატურამ გორში დიდი ბრიტანეთის მოქალაქის მკვლელობის და ძარცვის ფაქტზე 4 პირს, დანაშაულის შეუტობინებლობის ფაქტზე კი ერთ პირს წარუდგინა ბრალი. ამის შესახებ ინფორმაციას თავად უწყება ავრცელებს.

პროკურატურის ცნობით, გ.ბ-მ, ზ.ფ-მ, გ.ქ-მ და გ.ო-მ მიმდინარე წლის 7 ოქტომბერს ბრიტანეთის მოქალაქის ტ.კ-ს გაძარცვა გადაწყვიტეს, რის შესახებაც ვ.ო-ს შეატყობინეს, რომელმაც აღნიშნულში მონაწილეობაზე უარი თქვა. იმავე დღეს მკვლელობაში ბრალდებულებმა დიდი ბრიტანეთის მოქალქეს ძალის გამოყენებით წაართვეს მობილური ტელეფონი და პლასტიკური ბარათი, დანაშაულის დასაფარად კი გონებდაკარგული ტ.კ. მდინარე მტკვარში გადააგდეს, რის შემდეგაც ის გარდაიცვალა.

მომხდარის შესახებ მკვლელობაში ბრალდებულებმა ვ.ო-ს აცნობეს, რომელმაც სამართალდამცავ ორგანოებს დანაშაულის შესახებ არ შეატყობინა.

მკველობაში და დანაშაულის შეუტყობინებლობაში ბრალდებულები სამართალდამცველებმა 10 ოქტომბერს დააკავეს.

გ.ბ-ს, ზ.ფ-ს, გ.ქ-ს და გ.ო-ს ბრალი წარედგინათ სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ და მე-2 ნაწილის „ბ“ და „ე“ ქვეპუნქტებით, ასევე, 178-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ და მე-3 ნაწილის ,,ა“ და ,,დ“ ქვეპუნქტებით. აღნიშნული მუხლები გულისხმობს სხვა დანაშაულის დაფარვის მიზნით, დამნაშავისთვის წინასწარი შეცნობით უმწეო მდგომარეობაში მყოფის ჯგუფურად განზრახ მკვლელობას და ასევე ჯგუფურად ძალადობით ჩადენილ ძარცვას, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია.

დანაშაული სასჯელის სახით 13-დან 17 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

რაც შეეხება ვ.ო-ს, მას ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 376-ე მუხლის მე-2 ნაწილით წარედგინა, რაც დანაშაულის შეუტყობინებლობას გულისხმობს, როდესაც პირმა ნამდვილად იცის, რომ მზადდება ან ჩადენილია განსაკუთრებით მძიმე დანაშაული. აღნიშნული 3-დან 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები